ISW: როგორ იყენებს რუსეთი "ილ-76"-ის ჩამოვარდნას
25/01/2024 10:00:17 მსოფლიო
რუსეთი ბელგოროდის რაიონში "ილ-76"–ის ჩამოვარდნას უკრაინაში უკმაყოფილების გამოსაწვევად, ხოლო დასავლეთში შემდგომი სამხედრო დახმარების თაობაზე ეჭვის გასაჩენად იყენებს იყენებს. წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW).
„რუსული მედიის წარმომადგენლები იყენებენ ილ-76-ის ჩამოვარდნას უკრაინაში შიდა უკმაყოფილების დასათესად და დასავლეთის სურვილის ჩასახშობას, გააგრძელოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა“, - ნათქვამია მოხსენებაში.
ISW იხსენებს, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კარტაპოლოვმა უკრაინა დაადანაშაულა ილ-76–ის განზრახ ჩამოგდებაში, რადგან მისი მტკიცებით, უკრაინამ იცოდა ბორტზე უკრაინელი სამხედრო ტყვეების ყოფნის თაობაზე და მოუწოდა ყველა გაცვლის განუსაზღვრელი ვადით შეჩერებისკენ. ხოლო რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა უკრაინელები "შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში" დაადანაშაულა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევისკენ მოუწოდა და უკრაინას ტერორიზმში დასდო ბრალი.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ რუსეთის ამგვარი ბრალდებები ნაწილობრივ მიზნად ისახავს უკრაინაში უკმაყოფილების დათესვას და უკრაინის მთავრობის მიმართ უნდობლობის გაზრდას, რაც შეესაბამება რუსეთის სხვა საინფორმაციო მცდელობებს, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის შიდა შესუსტებას. ISW შეგვახსენებს, რომ სამხედრო ტყვეების გაცვლა მგრძნობიარე საკითხია როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისთვის და სამხედრო ტყვეებზე რიტორიკული მითითებები ემოციურ რეაქციებს იწვევს.
გარდა ამისა, მკვლევარები აღნიშნავენ, რომ რუსი ოფიციალური პირების დაუსაბუთებელი პრეტენზიების, თითქოს უკრაინამ ჩამოაგდო ილ-76 ამერიკული ან გერმანული სარაკეტო სისტემებით, მიზნია, დაიყოლიოს დასავლეთი, არ მიაწოდოს უკრაინას კრიტიკული საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც საჭიროა უკრაინის შემდგომი თავდაცვისთვის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 24 იანვარს, რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის რაიონში ჩამოვარდა რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 და რომ ეს მოხდა გეგმიური ფრენის დროს. ამავდროულად, რუსეთში ამტკიცებენ, რომ თვითმფრინავის ბორტზე 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა, რომლებიც ბელგოროდის რეგიონში გადაიყვანეს გაცვლის მიზნით. თვითმფრინავში ასევე იყო ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი. ამ დრომდე მოსკოვს ბორტზე უკრაინელი სამხედრო ტყვეების ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
უკრაინა "ილ–76"–ის ჩამოვარდნის გარემოებების საერთაშორისო გამოძიებით დადგენას მოითხოვს.
ბელგოროდის ოლქში ილ-76-ის კატასტროფის შესახებ პირველი ცნობების გავრცელებისთანავე, ზოგიერთმა უკრაინულმა მედიასაშუალებამ გენერალურ შტაბში წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსულ სამხედრო თვითმფრინავს რაკეტები გადაჰქონდა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ 24 იანვარს დაადასტურა, რომ ტყვეთა გაცვლა იგეგმებოდა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ამჟამად არ აქვთ სანდო და ამომწურავი ინფორმაცია, ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავში.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების წარმოების 30-კილომეტრიან ზონაში სატრანსპორტო თვითმფრინავის დაშვება უსაფრთხო ვერ იქნება და ორივე მხარის მიერ უნდა იყოს განხილული, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხეს უქმნის ტყვეთა გაცვლის პროცესს. შესაბამისად, უკრაინული მხარე არ გამორიცხავს რუსეთის წინასწარ დაგეგმილ, მიზანმიმართულ ქმედებას უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის და საერთაშორისო მხარდაჭერის შესუსტების მიზნით.


