ბაქოში ლადო გუდიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

25-01-2024 16:58:33 კავკასია

ბაქოში, ჰეიდარ ალიევის ცენტრში ცნობილი ქართველი მხატვრის ლადო გუდიაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, გამოფენა მოეწყო ჰეიდარ ალიევის ცენტრის ინიციატივით, აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში ლადო გუდიაშვილის ფონდის მხარდაჭერით.

როგორც განიმარტა, წარმოდგენილია მხატვრის მიერ პარიზის პერიოდიდან მისი ცხოვრების ბოლომდე შექმნილი, მათ შორის, გრაფიკული ნამუშევრები.

გუდიაშვილის ნამუშევრები პირველად წარადგინეს ბაქოში. ღონისძიება სამ თვეს გაგრძელდება.

საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული "კავშირები წარმატებით ვითარდება როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ სფეროში",

მან განსაკუთრებით გამოყო ჰუმანიტარული და კულტურული კავშირები და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების მონაწილეობით თბილისში ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანული დრამატული თეატრს ჩაეყარა საფუძველი.

„ცოტა ხნის წინ განჯაში გამოჩენილი ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა, ასევე კახის რაიონის სოფელ ალიბეილში მდებარე ქართულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს გამოჩენილი ქართველი მწერლის ილია ჭავჭავაძის სახელი მიენიჭა“, - განაცხადა ზ.პატარაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები