მედია: უკრაინამ დონბასში რუსული არმიის საწვრთნელ მოედანს დაარტყა, არის ათობით დაღუპული
25/01/2024 18:23:33 მსოფლიო
დონბასში ილოვაისკის მახლობლად, სოფელ პოკროვკასთან მდებარე No78528 სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპა 24 რუსი სამხედრო და დაშავდა კიდევ ოთხი,– ამის შესახებ რუსული ტელეგრამ–არხები იუწყებიან.
Astra-ს ცნობით, ვარაუდობენ, რომ დარტყმა HIMARS-ის სისტემით განხორციელდა, მაგრამ დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ არ არის დაკონკრეტებული. VChK-OGPU წერს 24 რუსი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვისა და კიდევ ოთხის დაჭრის შესახებ. ეს ინფორმაცია ოფიციალურად არც რუსულ და არც უკრაინულ მხარეს არ დაუდასტურებია.
პრორუსი სამხედრო ბლოგერი ვლადიმერ რომანოვი ამბობს, რომ დარტყმა განხორციელდა პროექტის "განკითხვის დღე" დრონების ოპერატორების თავმოყრისას.
”კურსის ხელმძღვანელმა (სუდოპლატოვმა) ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ბოტის საშუალებით, უცნობებს გაუგზავნა კოორდინატები, თუ სად უნდა მისულიყვნენ წვრთნაზე. მოფრინდა HIMARS. არიან დაღუპულები“, - წერს რომანოვი.
2023 წლის ნოემბერში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა სუდოპლატოვის სახელობის მოხალისეთა ბატალიონის ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორების მომზადების კურსი, ასევე თავდასხმის დრონების წარმოების დაწყება.


