
ო'ბრაიენი: ჩვენ ვაპირებთ, ვიმუშაოთ საერთაშორისო მისიასთან და საქართველოში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა დავინახოთ, რომ არჩევნები კარგად ჩაივლის
25/01/2024 18:58:51 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა აშშ-ის გერმანული მარშალის ფონდში გამართულ დისკუსიაზე შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, მათ შორის საქართველოზე ისაუბრა.
როგორც მან "ამერიკის ხმის" შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აშშ საქართველოს შავ ზღვაში უსაფრთხოების თვალსაზრისით კრიტიკულ პარტნიორად მიიჩნევს.
"საქართველოში აშშ–ის ელჩი იყო ჩემთან ერთად რუმინეთში, როდესაც შავ ზღვასთან დაკავშირებული საკითხები განვიხილეთ და ჩვენ საქართველოს შავ ზღვაში უსაფრთხოების თვალსაზრისით კრიტიკულ პარტნიორად მივიჩნევთ. თუ გადახედავთ რა ხდება, ნახავთ, რომ ამჟამად ცენტრალური აზიის ქვეყნები ეძებენ სავაჭრო გზებს, რომლებიც არ არის მხოლოდ ჩინეთი ან რუსეთი და მათ ააშენეს დიდი ინფრასტრუქტურა რუსეთის გავლით, ახლა მათ სხვა ინფრასტრუქტურის აშენება სურთ. ეს ნიშნავს, რომ სავაჭრო გზა გაივლის კასპიის, აზერბაიჯანის და შემდეგ კი საქართველოს გავლით", – განაცხადა მან.
მისი თქმით, აშშ კვლავ იმუშავებს ევროკავშირთან შავ ზღვაში სავაჭრო კავშირების ხელშეწყობის მიზნით, "რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა":
"ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან და სწორედ ამის ხელშეწყობას ვაპირებთ. მომავალ კვირას ბრიუსელში გაიმართება კონფერენცია სავაჭრო შესაძლებლობების დაფინანსების შესახებ. მას მასპინძლობს EIB, EBRD... ასე რომ, ეს მართლაც მნიშვნელოვანია".
როგორც მან აღნიშნა, შავი ზღვა გახდება ეკონომიკური ჩართულობის იმაზე უფრო აქტიური ზონა, ვიდრე ადრე იყო:
"აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის გათხევადებული აირის ტერმინალების მშენებლობა დასრულდება, ასევე იქნება წყალქვეშა კაბელი და ა.შ. ასე რომ, შავი ზღვა გახდება ეკონომიკური ჩართულობის იმაზე უფრო აქტიური ზონა, ვიდრე ადრე იყო".
მან შავი ზღვის კონტექსტში საქართველოში მიმდინარე წლისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა:
"ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები საკმაოდ ნათელია ყველასთვის, მათ შორის რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად. თქვენ გაქვთ ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები წელს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერდით მხარს საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიას. ჩვენ ვაპირებთ ვიმუშაოთ მისიასთან და, გულწრფელად რომ ვთქვათ, რეალურად აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებასთან საქართველოში, რათა დავინახოთ, რომ არჩევნები კარგად ჩაივლის. რადგან ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეების 85%-ზე მეტი მუდმივად ამბობს, რომ რეფორმები და ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ეს არის ის, რასაც ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ".
გარდა ამისა ჯეიმს ო'ბრაიენმა საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევაზეც ისაუბრა:
"საქართველოს მთავრობამ ნამდვილად გასწია ძალისხმევა რეფორმების განსახორციელებლად, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში და ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც მათ გააკეთეს. ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც მათ გააკეთეს, სანქციების გვერდის ავლისგან თავიდან ასაცილებლად მრავალი აქტივობის შეზღუდვით. ვფიქრობ, არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ საქართველო იქნება ამ გარემოს მთავარი კონტრიბუტორი. ჩვენ ახლა ვიცით, რომ რუსეთი დიდ ინვესტიციას დებს საკუთარ ნოვოროსიისკის პორტში. ის ინვესტიციას ახორციელებს ან ართმევს უკრაინას პორტებს. მან აიღო რამდენიმე უკრაინის პორტი. ასე ცდილობენ მათ გამოყენებას და აფხაზეთში ინფრასტრუქტურის აშენებას. ეს იქნება ის, რაზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ ამას გავუმკლავდებით იმიტომ, რომ ამ 10 ქვეყანას უბრალოდ მეტი მშვიდობა და კეთილდღეობა სურს შავ ზღვაში სიტუაციის უსაფრთხო გადაწყვეტისგან და ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვიმუშავებთ".