
ზანდუკელის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების პროცესი გადაიდო
26/01/2024 07:22:39 სამართალი
თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ზანდუკელის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების პროცესი გადაიდო.
როგორც "აქცენტს" აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი დაიწყო და მათ იხელმძღვანელეს კანონით მიცემული შესაძლებლობით.
თბილისის ცენტრში, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ზანდუკელის N2-ში მდებარე იტალიური ეზოდან დღეს, 26 იანვარს დილით აღსრულების პოლიციას უნდა გამოესახლებინა მრავალსულიანი ოჯახი.
"ოჯახში არიან შშმ პირები, მცირეწლოვანი ბავშვები და ორსული ქალი", - ამბობენ მოძრაობა "ხმაში" - ორგანიზაციაში, რომელიც გამოსახლების წინააღმდეგ აქციებს აორგანიზებს.
ბალახაძეების ოჯახს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “რიკო ექსპრესისგან” 20 000 დოლარი აქვს აღებული სესხად. გუჯა ბალახაძე ამბობს, რომ ეს თანხა ერთბაშად არ აუღიათ. მიზეზი იყო სხვადასხვა დროს, 2015-2016 წლებში, ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა გარდაუვალი საჭიროებები
მისი თქმით, ოჯახის საცხოვრებელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ აუქციონზე გაიტანა და თავად ორგანიზაციამ შეისყიდა 17 000 დოლარად, მაშინ, როცა სახლის რეალური ღირებულება დაახლოებით 100 000-ს აშშ დოლარს აღწევს. გუჯა ბალახაძე ჰყვება, რომ ამის უფლება ორგანიზაციას სასამართლომ მიანიჭა, რომელმაც დაუსწრებლად გამოიტანა გადაწყვეტილება ორგანიზაციის სასარგებლოდ.
ამ დრომდე ოჯახი იპოთეკარს - მიკროსაფინანსო ორგანიზაციას “რიკო კრედიტს” სთავაზობს არსებული სესხის - 32 ათასი დოლარის - დაფარვას (20 ათასი - ძირი, 12 ათასი - დარიცხული პროცენტი).
.