Accentnews.ge
აშშ-ის ევროპული სარდლობა: საქართველო აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ სტაბილურობას

აშშ-ის ევროპული სარდლობა: საქართველო აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ სტაბილურობას

26/01/2024 07:14:40 პოლიტიკა

"საქართველო აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ სტაბილურობას", – ასე პასუხობს აშშ-ის ევროპული სარდლობა "აქცენტის" კითხვას შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს შესახებ.

როგორც სარდლობაში აცხადებენ, "აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და საქართველოს თავდაცვის ძალებთან უსაფრთხოების კუთხით ძლიერი კავშირები აქვს".

"საქართველო აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ სტაბილურობას NATO–ს ინიციატივებსა და წვრთნებში მონაწილეობითა და სამხრეთ კავკასიაში თავისი სტრატეგიული მდებარეობის გამოყენებით ენერგეტიკული მარშრუტების დასაცავად და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად. ეს პარტნიორული ურთიერთობები სასარგებლოა NATO–სა და ევროპისთვის, რადგან ეფუძნება სანდო პარტნიორობას, რომელიც ხელს უწყობს უსაფრთხოების, სტაბილურობის და საერთო ღირებულებების განმტკიცებას კონპლექსურ გეოპოლიტიკურ გარემოში", – აცხადებენ სარდლობაში.

შავი ზღვის რეგიონის გაძლიერება

23 იანვარს შეერთებული შტატების არმიის გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ აშშ-ის ევროპულ სარდლობასთან (USEUCOM) და ელჩებთან შეხვედრა გამართა რუმინეთში, რომლის მთავარი თემა შავი ზღვის რეგიონის გაძლიერება იყო.

„რუსეთის შეჭრამ უკრაინაში შეცვალა უსაფრთხოების გარემო შავი ზღვის რეგიონში. რეგიონს აქვს კრიტიკული გეოსტრატეგიული მნიშვნელობა USEUCOM-ისთვის, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის. ამ კონფერენციამ ამერიკის დიპლომატიური და სამხედრო ლიდერები შავი ზღვის რეგიონის კოლექტიური ტერიტორიული უსაფრთხოების გაძლიერებაზე სასაუბროდ შეკრიბა“, - განაცხადა კავოლიმ.

როგორც USEUCOM–ში აცხადებენ, შეხვედრის მიზანი იყო, განეხილათ აშშ–ის მთავრობის მხარდაჭერა ამერიკის მოკავშირეებისა და პარტნიორებისადმი შავი ზღვის რეგიონში მზარდი საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე.

„ჩვენ სერიოზულად ვითვალისწინებთ უსაფრთხოების საერთო ვალდებულებას და ვმუშაობთ უსაფრთხო, აყვავებული და ურთიერთდაკავშირებული შავი ზღვის რეგიონის დაბრუნებაზე, რომელიც ხელს უწყობს მყარ გლობალურ ვაჭრობას. ჩვენი მდგრადი სტრატეგიული ურთიერთობები ამ ქვეყნებთან არის კოლექტიური თანამშრომლობის საფუძველი. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ ნავიგაციის თავისუფლება, ინვესტიციები, რომლებიც აძლიერებს ეკონომიკურ შესაძლებლობებს და მდგრადობას ამ კრიტიკულ რეგიონში”, - განაცხადა USEUCOM-ის წარმომადგენელმა, ელჩმა ქეით ბაირნსმა.

დისკუსიას ესწრებოდნენ აშშ-ის მდივნის თანაშემწე ევროპასა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, უკრაინაში აშშ–ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი, საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი, თურქეთში ამერიკის ელჩი ჯეფრი ფლეიკი, ასევე, შტატების ელჩი სომხეთში კრისტინა კვიენი, ამერიკის ახალი ელჩი აზერბაიჯანში მარკ ლიბი. ასევე ამერიკის ელჩები მოლდოვაში, რუსეთის ფედერაციაში და აშშ-ის მისიის უფროსის მოადგილე ბულგარეთში ანდრეა ბრუილეტ-როდრიგესი.

"აშშ საქართველოს შავ ზღვაში უსაფრთხოების თვალსაზრისით კრიტიკულ პარტნიორად მიიჩნევს"

რა თქვა ჯეიმს ო'ბრაიენმა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა, რომელიც 23 იანვრის შეხვედრას ესწრებოდა, გუშინ, 25 იანვარს აშშ-ის გერმანული მარშალის ფონდში გამართულ დისკუსიაზე შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, მათ შორის საქართველოზე ისაუბრა.

როგორც მან "ამერიკის ხმის" შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აშშ საქართველოს შავ ზღვაში უსაფრთხოების თვალსაზრისით კრიტიკულ პარტნიორად მიიჩნევს.

"საქართველოში აშშ–ის ელჩი იყო ჩემთან ერთად რუმინეთში, როდესაც შავ ზღვასთან დაკავშირებული საკითხები განვიხილეთ და ჩვენ საქართველოს შავ ზღვაში უსაფრთხოების თვალსაზრისით კრიტიკულ პარტნიორად მივიჩნევთ. თუ გადახედავთ რა ხდება, ნახავთ, რომ ამჟამად ცენტრალური აზიის ქვეყნები ეძებენ სავაჭრო გზებს, რომლებიც არ არის მხოლოდ ჩინეთი ან რუსეთი და მათ ააშენეს დიდი ინფრასტრუქტურა რუსეთის გავლით, ახლა მათ სხვა ინფრასტრუქტურის აშენება სურთ. ეს ნიშნავს, რომ სავაჭრო გზა გაივლის კასპიის, აზერბაიჯანის და შემდეგ კი საქართველოს გავლით", – განაცხადა მან.

მისი თქმით, აშშ კვლავ იმუშავებს ევროკავშირთან შავ ზღვაში სავაჭრო კავშირების ხელშეწყობის მიზნით, "რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა":

"ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან და სწორედ ამის ხელშეწყობას ვაპირებთ. მომავალ კვირას ბრიუსელში გაიმართება კონფერენცია სავაჭრო შესაძლებლობების დაფინანსების შესახებ. მას მასპინძლობს EIB, EBRD... ასე რომ, ეს მართლაც მნიშვნელოვანია".

როგორც მან აღნიშნა, შავი ზღვა გახდება ეკონომიკური ჩართულობის იმაზე უფრო აქტიური ზონა, ვიდრე ადრე იყო:

"აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის გათხევადებული აირის ტერმინალების მშენებლობა დასრულდება, ასევე იქნება წყალქვეშა კაბელი და ა.შ. ასე რომ, შავი ზღვა გახდება ეკონომიკური ჩართულობის იმაზე უფრო აქტიური ზონა, ვიდრე ადრე იყო".

მან შავი ზღვის კონტექსტში საქართველოში მიმდინარე წლისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები საკმაოდ ნათელია ყველასთვის, მათ შორის რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად. თქვენ გაქვთ ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები წელს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერდით მხარს საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიას. ჩვენ ვაპირებთ ვიმუშაოთ მისიასთან და, გულწრფელად რომ ვთქვათ, რეალურად აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებასთან საქართველოში, რათა დავინახოთ, რომ არჩევნები კარგად ჩაივლის. რადგან ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეების 85%-ზე მეტი მუდმივად ამბობს, რომ რეფორმები და ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ეს არის ის, რასაც ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ".

გარდა ამისა ჯეიმს ო'ბრაიენმა საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევაზეც ისაუბრა:

"საქართველოს მთავრობამ ნამდვილად გასწია ძალისხმევა რეფორმების განსახორციელებლად, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში და ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც მათ გააკეთეს. ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც მათ გააკეთეს, სანქციების გვერდის ავლისგან თავიდან ასაცილებლად მრავალი აქტივობის შეზღუდვით. ვფიქრობ, არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ საქართველო იქნება ამ გარემოს მთავარი კონტრიბუტორი. ჩვენ ახლა ვიცით, რომ რუსეთი დიდ ინვესტიციას დებს საკუთარ ნოვოროსიისკის პორტში. ის ინვესტიციას ახორციელებს ან ართმევს უკრაინას პორტებს. მან აიღო რამდენიმე უკრაინის პორტი. ასე ცდილობენ მათ გამოყენებას და აფხაზეთში ინფრასტრუქტურის აშენებას. ეს იქნება ის, რაზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ ამას გავუმკლავდებით იმიტომ, რომ ამ 10 ქვეყანას უბრალოდ მეტი მშვიდობა და კეთილდღეობა სურს შავ ზღვაში სიტუაციის უსაფრთხო გადაწყვეტისგან და ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვიმუშავებთ".

რა თქვა საქართველოში აშშ–ის საელჩომ

25 აინვარს საქართველოში აშშ–ის საელჩო გამოეხმაურა შავი ზღვის რეგიონში კოლექტიური ტერიტორიული უსაფრთხოებისა და აშშ-ის მოკავშირეებისა და რეგიონული პარტნიორების მხარდაჭერის სტრატეგიების განსახილველად ბუქარესტში 23 იანვარს გამართულ შეხვედრას, რომელზეც ელჩი დანიგანი აშშ-ის მაღალი რანგის სხვა დიპლომატებთან და სამხედროებთან ერთად იმყოფებოდა.

"შავი ზღვა უმნიშვნელოვანესია გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, რაც ხელს უწყობს ვაჭრობასა და ენერგეტიკულ ნაკადებს ევროპას, ევრაზიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S