
PHR: ბაღში ბავშვის ცემის არასათანადოდ გამოძიებისთვის სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა
26/01/2024 12:24:29 სამართალი, საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ცნობით, რომ ბაღში ბავშვის ცემის არასათანადოდ გამოძიებისთვის სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლეილა ფოლადიშვილმა დღეს, 26 იანვარს გამოაცხადა.
"გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს ფულადი კომპენსაციის გაცემა დაავალა", - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
ირკევვა, რომ 2017 წელს ბაღში მომხდარი ძალადობის შემთხვევა სახელმწიფომ არ გამოიძია, რის გამოც მიმართეს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ბავშვის ძალადობისგან დაცვის უფლება, რომელიც გარანტირებულია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლით.
რაც შეეხება მომხდარს, ორგანიზაცია ყვებოდა, რომ 2017 წლის იანვარში საჯარო ბაღში 3,5 წლის ბავშვმა აღმზრდელის დავალება ვერ შეასრულა - სახლი კარგად ვერ დახატა. გაბრაზებულმა აღმზრდელმა გიორგის ხელი სახისა და ყურის არეში დაარტყა. ბავშვს სახეზე დაზიანებების კვალი დაეტყო. გიორგის გამოსაყვანად მისულმა დედამ ბავშვის სახეზე დაზიანებები შეამჩნია და მიზეზი ჰკითხა, რაზეც გიორგიმ უპასუხა რომ მასწავლებელმა სცემა.
ორგანიზაცია აღნიშნავდა, რომ მომხდარი ძალადობის გამო ბავშვის დაზარალებულად ცნობა ითხოვეს, რაც პროკურატურამ არ დააკმაყოფილა.