იუსოვი: ეს უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაცვლა სრულმასშტაბიანი ომის ისტორიაში, მაგრამ არ შედგა
26/01/2024 12:41:52 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის ანდრეი იუსოვის ინფორმაციით, უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა გაცვლა, რომელიც 24 იანვარს უნდა გამართულიყო, ჩაიშალა.
„ეს უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაცვლა სრულმასშტაბიანი ომის ისტორიაში, მაგრამ სამწუხაროდ, არ შედგა“, - თქვა იუსოვმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 24 იანვარს, დღის პირველ ნახევარში განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავი ილ-76, რომელშიც იმყოფებოდნენ 65 უკრაინელი ტყვე, რომლებიც რუს ტყვეებში უნდა გაეცვალათ, ეკიპაჟის 6 წევრი და 3 თანმხლები. რუსეთის თანახმად, თვითმფრინავში მყოფი ყველა პირი დაიღუპა. მოგვიანებით კრემლის პროპაგანდისტული რესურსებით გავრცელდა სიები. ამასთან დაკავშირებით იუსოვმა აღნიშნა, რომ ხდება ინფორმაციის შესწავლა ყველა წყაროდან და ასევე არის კომუნიკაცია ტყვეების ოჯახებთან:
„სიები, რომლებიც რუსული პროპაგანდისტული წყაროების საშუალებით ჩნდება, ჩნდება რეაქციის შესამოწმებლად, რეაქციის გამოწვევის მიზნით. ჩვენ მათზე კომენტარს არ გავაკეთებთ“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, თვითმფრინავს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გამოყენებით დაარტყეს ხარკოვის ოლქის დასახლებული პუნქტის, ლიპცის რაიონიდან. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, საჰაერო-კოსმოსური ძალების რადიოლოკაციური საშუალებებით დააფიქსირეს ორი უკრაინული რაკეტის გაშვება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინა დაადანაშაულა თვითმფრინავის „მიზანმიმართულად“ ჩამოგდებაში და დაგმო „კიევის რეჟიმის ტერორისტული აქტი“.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსები ეთამაშებიან უკრაინელი ტყვეების სიცოცხლეს, მათი ნათესავების გრძნობებს და უკრაინის საზოგადოების ემოციებს. ზელენსკიმ საერთაშორისო გამოძიება მოითხოვა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების წარმოების 30-კილომეტრიან ზონაში სატრანსპორტო თვითმფრინავის დაშვება უსაფრთხო ვერ იქნება და ორივე მხარის მიერ უნდა იყოს განხილული, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხეს უქმნის ტყვეთა გაცვლის პროცესს. შესაბამისად, უკრაინული მხარე არ გამორიცხავს რუსეთის წინასწარ დაგეგმილ, მიზანმიმართულ ქმედებას უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის და საერთაშორისო მხარდაჭერის შესუსტების მიზნით.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე რუსეთმა ტეროროზმის მუხლით დაიწყო გამოძიება, უკრაინამ – ომის კანონების დარღვევის.


