რად უნდა რუსეთს აფხაზეთი?

26-01-2024 19:07:40 ანალიზი

ჩვენს დროში, ისეთი მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების კვალდაკვალ, როგორიცაა გაერო და ეუთო, თავისუფლად შეიძლებოდა, შეგვექმნა კიდევ ერთი - არაფორმალური კლუბი ქვეყნებისა, რომლებიც მრავალი საუკუნეა, ცდილობენ, იპოვონ პასუხი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ კითხვაზე - რა სურს რუსეთს?

რუსეთის საგარეო პოლიტიკისთვის რაიმე რაციონალური ახსნის მოძებნის მცდელობები ჯერ კიდევ იმპერიის დროიდან დღემდე არ წყდება და უმთავრესად უშედეგოა. როგორც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების, ისე შედარებით მცირე სახელმწიფოების პოლიტიკოსებმა, ფილოსოფოსებმა, ექსპერტებმა ვერა და ვერ მიაკვლიეს მკაფიო პასუხს კითხვაზე, რატომ სჩადის რუსეთი იმას, რასაც სჩადის? რაშია მისი ინტერესი და რა სარგებლის მიღება სურს? რისთვის იღებს მოსკოვს ამხელა მსხვერპლს, ხარჯებს, დაკარგულ წლებს? რაში მდგომარეობს მისი ზეამოცანა?

რუსეთის ქმედებებში რაციონალური მარცვლის პოვნის მცდელობების ამაოებაზე მიუთითებდა ცნობილი ფრაზით «Умом Россию не понять» („გონებით რუსეთს ვერ გაუგებ“) პოეტი ფეოდორ ტიუტჩევიც, რომელმაც შემოგვთავაზა, ამის ნაცვლად უბრალოდ გვჯეროდეს მისი. მოგვიანებით ებრაელმა ემიგრანტმა სსრკ-დან, პოეტმა და მთარგმნელმა იგორ გუბერმანმა შემოგვთავაზა, ტიუტჩევის უკვდავი ფრაზა გადახედილიყო - «пора уже, е..на мать, умом Россию понимать» („უკვე დროა, რუსეთს გონებით გავუგოთ“). მაგრამ საქმეს ვერც ამან უშველა - გაგებამ არ მოიმატა.

დიადი იმპერიების ხანაში ბრიტანელები, ფრანგები, გერმანელები, ესპანელები და სხვა მხვილი დამპყრობლები ვერ იგებდნენ რუსეთის იმპერიის ლოგიკას, რომელიც უზარმაზარ ადამიანურ და მატერიალურ რესურსს ხარჯავდა მისთვის პრაქტიკული თვალსაზრისით სრულიად უსარგებლო მიწების დაპყრობაში.

ევროპული იმპერიების მიზნები მკაფიო იყო და გასაგები – ოქრო, ალმასები, კაუჩუკი, - ყველაფერი ბევრი და მუქთად. მაგრამ რუსეთს რა იზიდავდა ცარიელ და უსარგებლო ციმბირში, რომლის ფასეულობა მხოლოდ რამდენიმე საუკუნეში გამოჩნდა - ნავთობისა და გაზის ეპოქაში? ან რა უნდოდა კავკასიაში, რომელიც იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის მთელი დროის განმავლობაში მძიმე ტვირთად აწვებოდა მის ბიუჯეტს, არადა, არავითარი ხელშესახები დივიდენდი არ მოუტანია რუსეთისთვის და დღესაც კი მხოლოდ სისხლს სწოვს?

საბოლოოდ დამძიმდა ვითარება ბოლო ათწლეულის განმავლობაში, განსაკუთრებით - პუტინის მმართველობისას. ევროპელები და ამერიკელები თავს იმტვრევენ, რაში სჭირდება მოსკოვს სირია? ბალანსი რომ გამოვიყვანოთ, ეს ხომ წმინდა წყლის ზარალია?! ვინ დათვლის, რა თანხებად უჯდება რუსეთს იქ შეიარაღებული ძალების შენახვა და ასადის რეჟიმის დოტაციები, სარგებელი კი - ნული!

რა დაჰკარგვიათ რუსებს სირიაში? ბაზა სჭირდებათ ტარტუსში? რისთვის? - - რომ ხმელთაშუა ზღვა აკონტროლონ? რისთვის? - ვინმე ხელს უშლის რუსეთს ამ ზღვაში გადაადგილებაში?!

ან რად უნდათ რუსებს ვენესუელა, რომელსაც ასევე ეხმარებიან ფინანსურად? რა მოიგო საბჭოთა კავშირმა, რომელიც ნავთობდოლარებს სჩუქნიდა სხვადასხვა საეჭვო რეჟიმებს აფრიკაში, აზიაში, ლათინურ ამერიკაში? რა საჭირო იყო მთელი ეს ხარჯები?

ევროპელებს მათი კოლონიებისგან რესურსები სჭირდებოდათ. ბევრი და უფასოდ. როგორც კი დაპყრობილი მიწების შენახვის ხარჯებმა შემოსავალს გადააჭარბა, ისინი ყოველგვარი სინანულის გარეშე სახლებში დაბრუნდნენ. ელემენტარული საბუღალტრო ბალანსია - ხელსაყრელი-არახელსაყრელი.

რუსეთი, მათ შორის საბჭოთა კავშირი და ამჟამინდელი რუსეთის ფედერაცია მსოფლიოს ერთადერთი იმპერიაა, რომელმაც იმპერიის შენახვაზე გაცილებით მეტი დახარჯა, ვიდრე მიიღო მისგან. და ამ სიტუაციაში, ნაცვლად იმისა, რომ ყველაფერს თავი დაანებოს და ბოლოს და ბოლოს, დაკავდეს საკუთარი ქვეყნის აღმშენებლობით, მოსკოვი კვლავ იმპერიის ნამსხვრევებს ეპოტინება... ხარჯახს, ხარჯავს, ხარჯავს ფულს, რესურსებს, ბუნებრივ სიმდიდრეს, რაც მთავარია, ადამიანებს და ვერავინ ხსნის, რა საჭიროა ეს ყველაფერი?

რა საჭიროა ომი უკრაინაში? არსებობს ამის რაიმე რაციონალური ახსნა? ტერიტორიისთვის? - რა, 17 მლნ კვ.კმ ცოტაა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რუსეთი გაფართოვდეს? ბუნებრივი სიმდიდრე? - ხუმრობთ? ათი უკრაინის ბუნებრივი რესურსებიც კი მხოლოდ მცირე ნაწილი იქნება იმისა, რაც რუსეთის მიწებში ინახება! მარტო ნავთობიც კი, რომელსაც რუსეთი მოიპოვებს, თავისუფლად გადაფარავდა შემოსავალს, რომელსაც მას უკრაინის ბუნებრივი რესურსები მისცემდა...

ნატო-ში გაწევრიანდება უკრაინა? და რა, რაკეტების რუსეთამდე მიფრენის დრო შემცირდება? - ამმხრივ რა, რაიმე სირთულეებია სადღეისოდ, როცა ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, თურქეთი, ნორვეგია, ახლა კი უკვე რუსეთის უშუალო მეზობლები - ფინეთი და შვედეთიც უკვე ალიანსში არიან?

საბოლოოდ ყველა ახსნა იმისა, რაში სჭირდება რუსეთს უკრაინა, დაიყვანება იმაზე, რომ „რუსეთი უკრაინის გარეშე ვერ იარსებებს“... არადა, როგორ ვერ იარსებებს? რაშია უკრაინის აუცილებლობა რუსეთისთვის? 30 წელია, რუსეთი უკრაინის გარეშე არსებობს და რა?...

ასე, რომ საბოლოო ჯამში, ყველა შესაძლო ახსნიდან გვრჩება მხოლოდ ერთი - მართლმადიდებლობის, წმინდა მისიის, რუსული სამყაროსა და სხვა მსგავსის შესახებ მისტიკური ბოდვების ნაკრები.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მშვენიერია და შთამაგონებელი, მაგრამ რის ფასად? უკრაინასთან ომამდე რუსეთი იყო წარმატებული, დინამიური ქვეყანა უზარმაზარი ბუნებრივი სიმდიდრით, მიმზიდველი ინვესტორებისთვის, ღია დანარჩენი მსოფლიოსთვის... ახლა კი ეს ყველაფერი დაკარგულია - თუ სამუდამოდ არა, ხანგრძლივი დროით მაინც. და რისთვის - მართლმადიდებლობისა და მაღალი სულიერი მისიისთვის? მაინც რაში მდგომარეობს ეს მისია? - ოღონდ კონკრეტულად! აი, ავდექით ადრე დილით 145 მილიონი ადამიანი, დღეიდან ვიწყებთ ჩვენს დიად მისიას მთელს მსოფლიოში - და ვაკეთებთ რას? თითებზე ჩამოვთვალოთ - პირველი, მეორე, მესამე...

თავი დავანებოთ მე-18 საუკუნეს, სირიას, უკრაინას. უფრო ახლო პრეცედენტებიც გაგვაჩნია. მაგალითად, ქართველები უკვე 30 წელია, თავს იმტვრევენ იმის ამოცნობის ჟინით, რაში სჭირდება საერთოდ რუსეთს ეს უსახელურო ჩემოდნები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი? სარგებელს მათგან ვერაფერს იღებს, ბუნებრივი რესურსების მხრივ - ნული, საკუთარი ეკონომიკების კუთხით - ასევე ნული. აბსოლუტურად უსარგებლო შავი ხვრელებია, რესურსების უკვალოდ მშთანთქმელი.

„ეგებ მეტი შეგვეთავაზებინა რუსებისთვის - ისინიც დაკარგულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებენ? რაღაც სარგებელს მაინც მიიღებდა რუსეთი მათგანო“... მიამიტები... უფრო მეტისა და საინტერესოს შეთავაზება - ეს მათთვისაა, ვინც სხვის ტერიტორიებს კაუჩუკისა და ოქროს გამო ეუფლება. მასთან კი, ვინც დიადი სულიერი მისიის კატეგორიებით აზროვნებს, ვერასდროს მოილაპარაკებთ. და მართალია, მართლმადიდებლობის მოყვარული ამხანაგები პირველი ქურდები და კორუფციონერები არიან, მაგრამ დიადი მისია არასოდეს ავიწყდებათ.

როგორც ჩანს, ჩვენს არაფორმალურ კლუბში „გაუგო რუსეთს“ ახალი წევრები გაჩნდნენ. ამჯერად - აფაზები. ახლა ისინიც იმტვრევენ თავს შეუძლებლის შესაძლებად და აუხსნელის ასახსნელად. რაში სჭირდება 17 მლნ კვ.კმ-ის მქონე დერჟავას ერთი საწყალი ბიჭვინთის აგარაკი? ან რაღაც აიბღა? რაში სჭირდება აპარტამენტები, სანაპირო ზოლი, რომელსაც ვერ გამოიყენებს, მაგალითად, პორტად? ეს ყველაფერი - პლაჟებისთვის? 17 მლნ კვ.კმ-ისა და მსოფლიოში უდიდესი ბირთვული არსენალის მქონე დერჟავა ორიოდ ათეული კმ სიგრძის პლაჟის გამოა გაშლეგებული?

რატომ ვერ უშვებს რუსეთი, რომ აფხაზეთში იყოს ნორმალური თანამედროვე, დემოკრატიული საზოგადობა, რომ აფხაზებმა თავად განკარგონ თავისი მცირე ტერიტორია? ბოლოს და ბოლოს, ყველა აფხაზი ხომ პრორუსია და კურსის შეცვლის შორეული პერსპექტივაც კი არ ჩანს.

რაში სჭირდებათ ეს ყველაფერი? - თავს იმტვრევენ აფხაზები. ეკონომისტი ახრა არისთავა შეწუხბულია კითხვით, „რა დავაშავეთ რუსეთის წინაშეო?“.

კეთილი იყოს, აფხაზებო, თქვენი მობრძანება ჩვენს კლუბში! ახლა თქვენც ეძებთ იმ პასუხს, რომელსაც ყველანი უშედეგოდ ვეძებდით ამ 30 წლის განმავლობაში, ხოლო მთელი ცივილიზებული მსოფლიო - 200 წელი.

სიმართლე იმაშია, რომ ამ კითხვებზე პასუხები წარმოშობს ახალ კითხვებს – რაში სჭირდება რუსეთს აფხაზეთი? - რომ საქართველო აკონტროლოს. რაში სჭირდება საქართვლოს კონტროლი? - რომ აკონტროლოს სამხრეთ კავკასია. რაში სჭირდება სამხრეთ კავკასიის კონტროლი? - სტრატეგიული კოუნიკაციების კონტროლისთვის. სტრატეგიული კომუნიკაციების კონტროლი რაში სჭირდება? - რომ სამხრეთ კავკასიის გავლით კასპიის ენერგორესურსები არ წავიდეს. და რა პრობლემაა, თუ წავა? რუსული გაზის ევროკავშირში ექსპორტი კარგ დროს 400 მლრდ კუბს შეადგენდა, აზერბაიჯანული კი საუკეთესო შემთხვევაში 10-მდე გაიზრდება...

აი, ასე, „მატრიოშკას“ პრინციპით მიიღებთ ერთ უაზრო პასუხს მეორეს მიყოლებით, საბოლოოდ კი მიხვალთ წყვდიადამდე, რუსული იმპერიალისტური აზროვნების სიღრმემდე, სადაც მისტიკა და განდიდების მანია პრაქტიკულ ინტერესებზე წონადია.

რუსებს სჭირდებათ აფხაზეთი. რუსებს სჭირდებათ სრულიად უსარგებლო ცხინვალის რეგიონი. რუსებს სჭირდებათ ბიჭვინთა, სჭირდებათ აიბღა. სჭირდებათ ყოველგვარი პრაქტიკული და რაციონალური მიზეზის გარეშე.

რუსეთს უბრალოდ სჭირდება. გაფართოების აუცილებლობის განცდის გამო, რადგან თუ გაფართოებას შეწყვეტს, იმპერიაც შეწყვეტს იმპერიად არსებობას.

ნუ ეძებთ რაციონალურ ახსნებს პლაჟისა და 100-კილომეტრიანი საზღვაო ზოლის, ანდაც ჰაერის, ან სტალინური არქიტექტურისადმი სიყვრულის სახით.

რუსეთს სჭირდება აფხაზეთი ყოველგვარ მიზეზს გარეშე. სჭირდება თავისთავად. იმიტომ, რომ იმიტომ.

თენგიზ აბლოთია

ახალი ამბები

სხვა სიახლეები