მედია: აშშ ბრიტანეთში ბირთვულ იარაღს განათავსებს
29/01/2024 07:05:40 მსოფლიო
შეერთებული შტატები გეგმავს, კიდევ ერთხელ განათავსოს თავისი ბირთვული იარაღი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, ლეიკენჰითში საჰაერო ძალების ბაზაზე, სადაც ის 2008 წლამდე იყო,– წერს The Telegraph პენტაგონის დოკუმენტებზე დაყრდნობით.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სულ მცირე ორი დოკუმენტი ეხება ლეიკენჰითში "ბირთვული მისიის" მომზადებას. ამ დოკუმენტებში საუბარია, რომ პენტაგონმა ბაზის ახალი აღჭურვილობა შეუკვეთა, კერძოდ, ბალისტიკური ფარები, რომლებიც შექმნილია სამხედრო პერსონალის დასაცავად.
გარდა ამისა, The Telegraph-ის ცნობით, ადგილზე მომუშავე ამერიკელი სამხედროებისთვის ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ივნისში უნდა დაიწყოს.
შეერთებულმა შტატებმა ადრე გამოაცხადა ლეიკენჰითში მეხუთე თაობის გამანადგურებლების – F-35-ის ორი ესკადრილიის განთავსების შესახებ, რომლებსაც ბირთვული ბომბების გადატანა შეუძლიათ.
მოელიან, რომ საჰაერო ბაზაზე განთავსდება B61-12 გრავიტაციული ბომბები, რომელთა სიმძლავრეც 50 კილოტონამდეა, რაც სამჯერ აღემატება 1945 წელს ჰიროშიმაზე ჩამოგდებულ ატომურ ბომბს.
შეერთებული შტატების იარაღის დიდ ბრიტანეთში დაბრუნება ნატოს ბირთვული განვითარებისა და მოდერნიზაციის პროგრამის ნაწილია, კრემლის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ, რუსეთთან მზარდი დაძაბულობის საპასუხოდ.


