Bloomberg: აშშ ირანისთვის პასუხს ამზადებს
29/01/2024 15:06:37 მსოფლიო
შეერთებული შტატები განიხილავს სხვადასხვა საპასუხო ვარიანტს იორდანიის ბაზაზე ირანის მიერ მხადაჭერილი ჯგუფის თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვაზე. როგორც Bloomberg იტყობინება, აშშ-ის ადმინისტრაციიდან წყაროებზე დაყრდნობით, თეთრი სახლი აღიარებს, რომ შეერთებული შტატების პასუხი უფრო სერიოზული უნდა იყოს, ვიდრე ადრე.
ამერიკულ ბაზებზე თავდასხმა ღაზას სექტორში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ რეგულარულად ხდებოდა, მაგრამ 28 იანვრამდე აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებს შორის არავინ დაღუპულა.
Bloomberg-ის ცნობით, ერთ-ერთი ალტერნატივა არის ფარული მოქმედება ირანში რიგი ობიექტების წინააღმდეგ, მასზე შეერთებული შტატების მხრიდან პასუხისმგებლობის ღიად აღიარების გარეშე. ასევე შესაძლებელია, განხორციელდეს პირდაპირი დარტყმა ზოგიერთ ირანელ ფიგურაზე, ისევე როგორც ოპერაცია, რომლის შედეგადაც 2020 წლის იანვარში ბაღდადში დაიღუპა გენერალი ყასემ სულეიმანი – ბრძანება მაშინ ჯო ბაიდენის წინამორბედის დონალდ ტრამპის მიერ გაიცა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, პრეზიდენტი ბაიდენი არჩევანის წინაშე დგას: ერთის მხრივ, მას სურს, დასაჯოს ისინი, ვინც ამერიკულ არმიაზე თავდასხმის უკან დგანან და მკაფიო სიგნალი გაუგზავნოს ირანს, მეორე მხრივ, მას სურს, აირიდოს პირდაპირი დაპირისპირება თეირანთან რაც ნიშნავს კონფლიქტის ესკალაციას რეგიონში, სადაც ბრძოლები უკვე მიმდინარეობს.
რამდენიმე რესპუბლიკელმა სენატორმა უკვე მოუწოდა ბაიდენს ირანზე უშუალო თავდასხმისკენ. თეირანი უარყოფს მონაწილეობას ბაზაზე თავდასხმასა და ამერიკელი ჯარისკაცების მკვლელობაში.
თეთრ სახლს ოფიციალურად არ გამოუცხადებია შეერთებული შტატების პასუხის შესაძლო ვარიანტები. პრეზიდენტ ბაიდენის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან.


