ერმაკი: შეიძლება, მეორე სამშვიდობო სამიტზე განვიხილოთ რუსეთის წარმომადგენლების მოწვევა
29/01/2024 17:21:06 მსოფლიო
მეორე გლობალურ სამშვიდობო სამიტზე, შესაბამისი გეგმის მომზადების შემდეგ, უკრაინა მზად არის, განიხილოს რუსეთის წარმომადგენლების მიწვევა. ამის შესახებ, ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა უჟგოროდში უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მზად ვართ, ყველას მოვუსმინოთ. მაგიდასთან სხედან არა მხოლოდ ჩვენი პარტნიორები ნატოს ქვეყნებიდან, ევროკავშირიდან, არამედ გლობალური სამხრეთის ქვეყნებიდანაც", - აღნიშნა ერმაკმა.
თუმცა, მისი თქმით, ჯერ ერთობლივი გეგმა უნდა შეიქმნას და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რუსეთთან საუბრებზე ფიქრო.
„მსურს გავიმეორო „მშვიდობის ფორმულის“ ლოგიკა: პირველი შეხვედრა, პირველი სამიტი ლიდერების დონეზე - ეს არის რუსეთის მონაწილეობის გარეშე. შემდეგ ჩვენ გავხსნით შესაძლებლობას ჩავატაროთ ცალკეული შეხვედრები, კონფერენციები, ღონისძიებები სხვადასხვა დონეზე ათიდან ცხრა პუნქტზე გეგმის შესამუშავებლად“, - განაცხადა მან.
”და მეორე სამიტზე ხელმძღვანელობის დონეზე, როდესაც გეგმა მზად იქნება, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ რუსეთის წარმომადგენლების მოწვევის საკითხი”, - დასძინა ერმაკმა.
თუმცა, ერმაკის თქმით, ამ საუბრებში მონაწილეობის მისაღებად რუსეთს მშვიდობის კუთხით პოლიტიკური ნება უნდა ჰქონდეს.
მანამდე შვეიცარიის პრეზიდენტმა ვიოლა ამჰერდმა განაცხადა, რომ დაგეგმილი გლობალური სამიტი უკრაინის მიერ შეთავაზებული "მშვიდობის ფორმულის" შესახებ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გახდეს ნამდვილი სამშვიდობო კონფერენცია, თუ რუსეთი არ იქნება ჩართული.
შვეიცარია დათანხმდა სამიტის ორგანიზებას უკრაინის მოთხოვნით, რაც ორივე სახელმწიფომ ორშაბათს, 15 იანვარს, ბერნში ზელენსკის ვიზიტის დროს გამოაცხადა. ორივე ქვეყანამ შეხვედრაზე მუშაობა დაიწყო, თუმცა რიგი დეტალები, როგორიცაა ღონისძიების თარიღი და მონაწილეთა სია, ჯერ არ არის შეთანხმებული. ზელენსკიმ მიანიშნა, რომ რუსეთი არ იქნება მიწვეული გლობალურ სამშვიდობო სამიტზე.


