ბრაზილიაში ახალი ბრალი წაუყენეს ГРУ-ს ოფიცერს, რომელიც ჰააგის სასამართლოში შეღწევას ცდილობდა
29/01/2024 18:12:43 მსოფლიო
ბრაზილიის ხელისუფლებამ ახალი ბრალდება წაუყენა ГРУ-ს ოფიცერ სერგეი ჩერკასოვს, რომელიც უკვე იხდის ხუთწლიან სასჯელს ბრაზილიის ციხეში დოკუმენტების გაყალბებისთვის. "აგენსტვოს" ცნობით, მას ბრალად ფულის გათეთრება ედება.
ანალოგიური ბრალდება წაუყენეს ბრაზილიაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელს ივან ჩეტვერიკოვს, რომელმაც ქვეყნიდან გასვლა გასულ წელს მოახერხა. გამომძიებლების თქმით, ჩერკასოვს თვეში ერთხელ გამოჰქონდა თანხა რიო-დე-ჟანეიროს ბანკიდან, სადაც ჩეტვერიკოვს შეჰქოდა. სამართალდამცავმა ორგანოებმა ეს ფულის გათეთრებად მიიჩნიეს. თავიდან ჩერკასოვმა უარყო, რომ იცნობდა ჩეტვერიკოვს, მაგრამ შემდეგ აღიარა, რომ მათ კომუნიკაცია ჰქონდათ, თუმცა უარყო ფულის გათეთრების ბრალდება.
"აგენსტვო" აღნიშნავს, ახალი ბრალდების გამო ჩერკასოვი, რომელმაც ციხეში უკვე 20 თვე გაატარა, ვადამდე გათავისუფლების შესახებ განცხადებას ვერ შეიატანს. ვარაუდობდნენ, რომ გათავისუფლების შემდეგ მას გაგზავნიდნენ ერთ-ერთ ქვეყანაში, რომელიც მის ექსტრადიციას ითხოვდა. შეერთებულ შტატებში ჩერკასოვი ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი, რუსეთი კი მის ექსტრადიციას ნარკოტრაფიკის საქმეზე ითხოვს.
სერგეი ჩერკასოვი 2022 წელს ჰოლანდიაში დააკავეს და ბრაზილიაში გაგზავნეს, რომელსაც ის ძებნაში ჰყავდა გამოცხადებული. რუსი ბრაზილიაში 2010 წლიდან ცხოვრობდა ვიქტორ მიულერ ფერეირას სახელზე დამზადებული ყალბი ბრაზილიური პასპორტით; მოგვიანებით ის ცხოვრობდა ირლანდიასა და შეერთებულ შტატებში და ასევე დარეგისტრირდა სტაჟირებაზე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, სადაც ცდილობდა, შეესწავლა, თუ როგორ იძიებდნენ სირიასა და უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებს.
მედია აღნიშნავს, რომ სპეცსამსახურის თანამშრომლის რუსეთში დაბრუნებიც მცდელობის ფარგლებში რუსეთის სამართალდამცავმა უწყებებმა მის წინააღმდეგ ჰეროინის კონტრაბანდის ბრალდებით აღძრეს სისხლის სამართლის საქმე და მოითხოვეს მისი ექსტრადიცია ბრაზილიიდან. ამავდროულად რუსეთი ოფიციალურად უარყოფს მის კავშირს რუსულ დაზვერვასთან.


