უკრაინა და ბელგია იარაღის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ
30/01/2024 08:00:33 მსოფლიო
უკრაინამ და ბელგიამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიზანია, ბიძგი მისცეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, კერძოდ, თავდაცვის წარმოების სფეროში, - იუწყება უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ივან გავრილიუკმა განმარტა, რომ მემორანდუმი განსაზღვრავს ერთობლივი პროექტების დანერგვის განზრახვას, რომელის მიზანიც უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის პოტენციალისა და წარმოების მოცულობის გაზრდაა. საუბარია გარკვეული ტიპის იარაღის ერთობლივი წარმოების გეგმებზე, შეკეთების ორგანიზებაზე, სპეციალისტებისა და ტექნიკური პერსონალის მომზადებაზე.
„უკრაინა ძალიან დაინტერესებულია ერთობლივი საწარმოების შექმნით, რომლებიც იმუშავებენ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მომავალი თანამშრომლობა ნაყოფიერი და ურთიერთსასარგებლო იქნება“, - აღნიშნა გავრილიუკმა.
მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა ბელგიელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ბელგია წელს უკრაინას 611 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გადასცემს.


