
პროკურორი: თუ ზიანს აანაზღაურებენ და ბრალს აღიარებენ, პატიმრობას შევუცვლით
30/01/2024 09:59:50 სამართალი, საზოგადოება
ოჯახის გამოსახლებისას დაკავებულ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას საქმის პროკურორი პირობებს უყენებს იმისთვის, რომ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.
კერძოდ, როგორც პროკურორმა როინ ხინთიბიძემ უთხრა "რუსთავი 2"–ს,რომ ამისთვის ზიანის ანაზღაურება და ბრალის აღიარებაა საჭირო.
მისი თქმით, ამ დროისთვის "ყველა ის გარემოება, საფუძვლად დაედო რაც ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნას, კვლავ ძალაშია".
"გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მიმართ ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა სხვა არაერთ გარემოებასთან ერთად, იმის გამო მოითხოვა, რომ მათ ზიანი ანაზღაურებული არ ჰქონდათ, ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებენ, ასევე, არ აცნობიერებენ ქმედების ხასიათს.
იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულები მიყენებულ ზიანს აანაზღაურებენ და ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ, ბრალდების მხარე მზადაა, რომ მათ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა სხვა უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეიცვალოს". - თქვა პროკურორმა.
პროკურატურის შეცვლილ პოზიციას მიესალმება დაცვის მხარე.
კერძოდ, დაცის მხარის განმარტებით, დაკავებულები აქამდეც აღიარებდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს მანქანის დაზიანებას და ზიანის ანაზღაურებისთვისაც გამოთქვამდნენ მზადყოფნას, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი სახელმწიფო ბრალდებისთვის, არ მიემართა სასამართლოსთვის აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით.
პოლიციამ გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა სისხლის სამართლის წესით 23 იანვარს დააკავა ოჯახის გამოსახლების დროს. ორივე მათგანს შსს ედავება აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას. პროკურორის ინფორმაციით, აქციაზე მყოფმა ხასაიამ და ჩიქობავამ 3 380 ლარის ზიანი მიაყენეს სახელმწიფო უწყებას.
დაკავებულებს ბრალი წაუყენეს 24 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ჯგუფურად). მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას 25 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.