
ხასაიას და ჩიქობავას ადვოკატი: კარგია, რომ პროკურატურაც იცვლის პოზიციას
30/01/2024 10:16:30 სამართალი, საზოგადოება
ოჯახის გამოსახლებისას დაკავებულების საქმეზე პროკურატურის შეცვლილ პოზიციას მიესალმება დაცვის მხარე.
კერძოდ, დაცის მხარის განმარტებით, დაკავებულები აქამდეც აღიარებდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს მანქანის დაზიანებას და ზიანის ანაზღაურებისთვისაც გამოთქვამდნენ მზადყოფნას, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი სახელმწიფო ბრალდებისთვის, არ მიემართა სასამართლოსთვის აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით.
"კარგია, რომ პროკურატურაც იცვლის პოზიციას და ამ გარემოებების გათვალისწინებით, იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლოც სეიცვლის პოზიციას",– თქვა სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტმა გურო იმნაძემ, რომელიც გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას ინტერესებს იცავს.
ის იმედს გამოთქვამს, რომ კვირის ბოლომდე მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას.
პოლიციამ გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა სისხლის სამართლის წესით 23 იანვარს დააკავა ოჯახის გამოსახლების დროს. ორივე მათგანს შსს ედავება აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას. პროკურორის ინფორმაციით, აქციაზე მყოფმა ხასაიამ და ჩიქობავამ 3 380 ლარის ზიანი მიაყენეს სახელმწიფო უწყებას.
დაკავებულებს ბრალი წაუყენეს 24 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ჯგუფურად). მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას 25 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
შეცვლილი პოზიცია საქმის პროკურორმა "რუსთავი 2"–ის მეშვეობით 30 იანვარს გააჟღერა. კერძოდ, პროკურორმა როინ ხინთიბიძემ თქვა, რომ ზიანის ანაზღაურების და ბრალის აღიარების შემთხვევაში პატიმრობის შეცვლას მოითხოვს.
"ყველა ის გარემოება, საფუძვლად დაედო რაც ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნას, კვლავ ძალაშია. გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მიმართ ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა სხვა არაერთ გარემოებასთან ერთად, იმის გამო მოითხოვა, რომ მათ ზიანი ანაზღაურებული არ ჰქონდათ, ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებენ, ასევე, არ აცნობიერებენ ქმედების ხასიათს. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულები მიყენებულ ზიანს აანაზღაურებენ და ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ, ბრალდების მხარე მზადაა, რომ მათ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა სხვა უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეიცვალოს". - თქვა პროკურორმა.