"არ გვაღელვებს იაპონელების გრძნობები" – მედვედევმა კურილის კუნძულებზე იარაღის განთავსება დააანონსა
30/01/2024 13:16:32 მსოფლიო
რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა კურილის კუნძულებზე "ახალი იარაღი" განლაგება დააანონსა და თქვა, რომ კუნძულების "სტრატეგიული როლი" გაიზრდება.
ამასთან, თქვა, რომ მოსკოვს აბსოლუტურად არ აღელვებს იაპონელი ხალხის გრძნობები ამ კუნძულების მიმართ და ეს კუნძულები არა სადავო, არამედ რუსეთის ნაწილია:
„იმ სამურაებს, რომლებიც განსაკუთრებით მოწყენილნი არიან, შეუძლიათ სეპუკუ ჩაიდინონ, თუ ამის გამბედაობა ეყოფათ“.
გუშინ, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ პარლამენტში განაცხადა, რომ იაპონია მტკიცედ ერთგული რჩება იმ კურსის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთთან ტერიტორიული საკითხის გადაჭრას და სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას. ამასთან, ფუმიო კიშიდას თქმით, იაპონია გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და უკრაინის მხარდაჭერას.
იაპონიას აქვს პრეტენზია კურილის ოთხ სამხრეთ კუნძულზე - იტურუპი, შიკოტანი, კუნაშირი და ხაბომაი. კუნძულების ანექსია მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა კავშირმა მოახდინა და იქიდან იაპონელები გამოასახლეს.
1956 წელს მოსკოვმა და ტოკიომ ხელი მოაწერეს დეკლარაციას საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ, მაგრამ სამშვიდობო ხელშეკრულება არასოდეს დადებულა.2003 წლამდე იაპონური დიპლომატია კუნძულებს ოფიციალურად უწოდებდა "არალეგალურად ოკუპირებულს", ხოლო 2012 წლამდე - "საგვარეულო მიწებს". 2012 წლიდან ხელისუფლება მსგავს ფორმულირებებს თავს არიდებდა რუსეთთან კომპრომისის მიღწევის იმედით.
2022 წლის მარტის დასაწყისში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას ამ ტერიტორიებს „თავდაპირველად იაპონური“ უწოდა, ხოლო შემდეგ, "უკანონოდ ოკუპირებული". ამის შემდეგ მოსკოვმა ფაქტობრივად შეაჩერა სამშვიდობო მოლაპარაკებები.


