CIA-ს ხელმძღვანელი: ამ გადამწყვეტ მომენტში უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა აშშ–სთვის ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნებოდა
30/01/2024 18:09:06 მსოფლიო
აშშ–ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი უილიამ ბერნსი აცხადებს, რომ შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვით ომში.
Foreign Affairs–ში გამოქვეყნებულ სტატიაში CIA-ს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე წააგო ომი მრავალ დონეზე, დაკარგა მინიმუმ 315 000 ჯარისკაცი და ომამდელი სატანკო ფლოტის 2/3 და ვერ მიუახლოვდა თავის სტრატეგიულ მიზანს - კიევის და მთლიანად უკრაინის დაპყრობას.
მას ასევე მიაჩნია, რომ შეჭრამ შეარყია პუტინის ძალაუფლება, რასაც მოწმობს "ვაგნერის" ლიდერის ევგენი პრიგოჟინის ამბოხი 2023 წლის ივნისში. ამავე დროს, მას პუტინს გადაწყვეტილი აქვს ომის გახანგრძლივება იმედით, რომ დრო მის მხარესაა.
„წარმატების გასაღები არის უკრაინისადმი დასავლური დახმარების შენარჩუნება. აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტის ხუთ პროცენტზე ნაკლები - მოკრძალებული ინვესტიცია შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ანაზღაურებასთან და ამერიკული ინდუსტრიის გასაოცარ შემოსავალთან შედარებით“, - წერს ბერნსი.
ის აღნიშნავს, რომ იარაღით კიევის შემდგომი დახმარება მისცემს მას "ძლიერ პოზიციას" შესაძლო მოლაპარაკებების შემთხვევაში და ასევე მისცემს შანსს, უზრუნველყოს უკრაინის გრძელვადიანი მოგება და რუსეთის სტრატეგიული მარცხი.
„ამ გადამწყვეტ მომენტში შეერთებული შტატების კონფლიქტიდან გამოსვლა და უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა იქნებოდა ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი“, - ასკვნის CIA-ს ხელმძღვანელი.
თეთრი სახლი დამატებით 61 მილიარდი დოლარის დამტკიცებას მოითხოვს უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად, თუმცა საკითხი შიდაპოლიტიკური დაპირისპირების მძევლად იქცა. რესპუბლიკელებმა უკრაინის მხარდაჭერის თემა საიმიგრაციო პოლიტიკას მიაბეს.


