
პროკურატურა კოლეგის ადევნებაში ბრალდებული პედაგოგისთვის გირაოს შეფარდებას გაასაჩივრებს და რესურსცენტრს მიმართავს
31/01/2024 10:41:01 სამართალი
პროკურატურა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, რომლითაც კოლეგის მიმართ ადევნების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა და გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
როგორც ცნობილია, პროკურატურამ ზესტაფონის რაიონულს სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების და თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით მიმართა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო - 2.000 ლარი შეუფარდა.
პროკურატურაში ასევე აცხადებენ, რომ მომხდარი ფაქტის შესწავლისა და შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარების მიზნით, მიმართავენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შესაბამის რესურსცენტრს.
გამოძიების ვერსიით, 2021 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საჯარო სკოლის პედაგოგი თავის კოლეგასთან არასამსახურებრივ და არასასურველ კომუნიკაციას სისტემატურად ამყარებდა. კერძოდ, ბრალდებული დაზარალებულს დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას და კატეგორიული უარის მიუხედავად, მასთან დაახლოების მცდელობებს მაინც განაგრძობდა. დაზარალებული იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების ჩვეული წესი და სამსახურიდან ხანგრძლივ უხელფასო შვებულებაში გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიეღო.
სკოლის პედაგოგს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა და ძალადობის გამოყენების შიში გამოიწვია) წარედგინა.