
ზურა მახარაძე: ბექა ვარდოსანიძეს მეილი "ჩაუდეს“
31/01/2024 11:18:25 სამართალი
პრორუსული ჯგუფის „ალტ–ინფოს“ წევრის ბექა ვარდოსანიძის მხარდასაჭერად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან თანამოაზრეები მივიდნენ.
რადიკალური ორგანიზაციის წარმომადგენელი ზურა მახარაძე პროცესს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს:
„იმდენად დისკომფორტული გახდა კონსერვატიულ ფლანგზე ვარდოსანიძე, რომ „მეილი ჩაუდეს“ და ახლა ზის აქ. მეილის გამო, რომ კაცი აეყვანოთ, საქართველოს ისტორიაში ჯერ არ მომხდარა."
დილით ცნობილი გახდა, რომ ბექა ვარდოსანიძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა და ის სამართალდამცველებმა გადაიყვანეს.
მოგვიანებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს, რომ ვარდოსანიძე უწყებაში მოწმის სტატუსით იკითხება.
უწყების ცნობით, ვარდოსანიძის პირადი, საცხოვრებელი ბინისა და ავტოფარეხის ჩხრეკა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსკ-ის 331-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე ჩაატარა კონტრტერორისტულმა ცენტრმა.
სუს–ის ინფორმაციით, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით დგინდება, რომ დროის გარკვეული ინტერვალით, კონკრეტული პირის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან, სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ტელეკომპანია „იმედის“ ოფიციალურ მეილზე აღნიშნულმა მომხმარებელმა გაგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინება. ტექსტში მითითებული იყო, რომ კლუბში „ბასიანი“, ბარში „რატის ბარში“ და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საახალწლო ღონისძიების ფარგლებში განთავსებულ სცენაზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიასა და სხვადასხვა ავტომანქანაში დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები.
ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა კომპიუტერული და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ტექნიკა, რაზეც ჩატარდება შესაბამისი მოქმედებები და საექსპერტო კვლევები. საქმეზე გრძელდება გამოძიება. ბექა ვარდოსანიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სახით გამოიკითხება", - ნათქვამია სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.