მედია: პეტერბურგში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა დრონით შეტევის შემდეგ
31/01/2024 11:46:46 მსოფლიო
31 იანვრის ღამეს, სანქტ-პეტერბურგში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დრონი ჩამოვარდა, - იუწყებიან რუსული ტელეგრამ–არხები.
მათი ცნობით, დრონი 4:20 საათზე ჩამოაგდეს S-400–ის საზენიტო-სარაკეტო სისტემით, თუმცა უპილოტო საფრენი აპარატი განაგრძობდა ფრენას და ნახევარი საათის შემდეგ დაეცა ქარხნის ტერიტორიაზე გლუხოზერსკოეს გზატკეცილზე.
მოგვიანებით ტელეგრამ–არხები წერდნენ, რომ დრონის ნამსხვრევებმა ქარხნის ტერიტორიაზე გაჩერებული მანქანები დააზიანა. ასევე აღნიშნულია, რომ პულკოვოს აეროპორტმა 03:53 საათიდან 05:11 საათამდე მუშაობა შეაჩერა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ამავდროულად, დილით უწყებაში განაცხადეს, რომ ღამის განმავლობაში რუსულმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს ერთი დრონი ფსკოვის რაიონში.
სანქტ-პეტერბურგის სამრეწველო ობიექტზე მიტანილ სავარაუდო იერიშს გუბერნატორის ადმინისტრაციაში "ინციდენტს" უწოდებენ და ამბობენ, რომ არავინ დაშავებულა და არც ქონება დაზიანებულა.
ამ ოპერაციის უკან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო დგას - იუწყება უკრაინული მედია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
წყაროს ცნობით, რუსებმა დრონის ჩამოგდება მათ არსენალში არსებული ყველაზე ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემიდან, S-400 კომპლექსიდან სცადეს, თუმცა საფრენი აპარატი მაინც დაეცა ქარხნის ტერიტორიაზე. იუწყებიან რომ დაზიანდა რამდენიმე ტანკი და მანქანა. ქარხნის ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარიც, თუმცა ის მალევე ჩააქრეს.
21 იანვარს კომპანია Novotek-ის ტერმინალში ცეცხლი გაუჩნდა ლენინგრადის რეგიონის უსტ-ლუგას პორტში. რუსული ტელეგრამ–არხები და მედია წერდნენ, რომ საწარმოს დრონები დაესხნენ თავს.


