Accentnews.ge
ყველაფერი - რუსეთს: აფხაზურ ენერგეტიკას სასწაული თუ გადაარჩენს

ყველაფერი - რუსეთს: აფხაზურ ენერგეტიკას სასწაული თუ გადაარჩენს

31/01/2024 14:09:10 კონფლიქტები

აფხაზური სახელმწიფოს ყველა მნიშვნელოვანი აქტივისა და დარგის რუსეთისთვის მიყიდვას პრეზიდენტი ასლან ბჟანია, როგორც ირკვევა, დიდი ხანია, გეგმავდა. ამ საკითხზე საკუთარი აზრი მას საჯაროდ ჯერ კიდევ 2017 წელს აქვს გამოთქმული, როდესაც აფხაზეთის VI მოწვევის პარლამენტის წევრი გახლდათ. მაგრამ მაშინ აფხაზურმა საზოგადოებამ მის სიტყვებს სათანადო ყურადღება არ მიაქცია, რადგან ბჟანია რესპუბლიკის პოლიტიკურ ოლიმპზე საკმარისად წონად ფიგურას არ წარმოადგენდა.

თუ 2017 წლის იმ გამოსვლას გავაანალიზებთ, ის, რაც ჩვენს რესპუბლიკაში სადღეისოდ ხდება, სრულად ეწერება აფხაზეთის სუვერენიტეტის დათმობის ბჟანიასეულ სქემაში.

«...სახელმწიფომ უნდ მოიშოროს, სწორ ფასად გაყიდოს ყველაფერი, რაც არ სჭირდება...», - თქვა მაშინ ბჟანიამ. თქვა და ასრულებს კიდეც. საუკეთესო მიწები, სანაპირო ზოლი ბოლო წლებში ჰექტრობით ურიგდებათ რუს ჩინოსნებსა და ოლიგარქებს. ამის მაგალითი ბევრია: თითქმის 200 ჰა მიწა სახელმწიფო აგარაკითა და აკვატორიითურთ ბიჭვინთაში რუსეთის დაცვის სახელმწიფო სამსახურის საკუთრებაში გადავიდა, კიდევ 2 ჰა ბჟანიას ბელარუს „მეგობრებს“ აჩუქეს, იგივე ბედი ეწიათ პანსიონატებს ეშერაში, გუდაუთაში, გაგრაში... სია საკმაოდ გრძელია.

გარდა ამისა, 2017 წელს ასლან ბჟანიამ ცალსახად დააფიქსირა საკუთარი დამოკიდებულება აფხაზეთის ენერგეტიკული დარგისადმი, რომელსაც, თურმე, „სტრატეგიულად არ მიიჩნევს“. პრეზიდენტის აზრით, „ჩვენ რაღაცნაირად გავიტანეთ მის გარეშე თავი ყველაზე მძიმე დროს“ და მაშასადამე, არ გვჭირდება და უნდა გაიყიდოს. კითხვა, ვის მიეყიდოს, დღის წესრიგში არც დგას: ერთადერთი შესაძლო მფლობელი, რომელსაც ასლან ბჟანია განიხილავს, რუსეთია. ხოლო იმ მოსაზრებას, რომ ესოდენ მნიშვნელოვანი სტრატეგიული დარგი სახელმწიფო მმართველობაში უნდა დარჩეს და აფხაზი ხალხის საკუთრებას წარმოადგენდეს, ასლან ბჟანია უბრალოდ არ სცნობს.

დეპუტატ ბჟანიას 2017 წლის გამოსვლას, რომელიც ამასწინათ მოულოდნელად ამოატივტივეს სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში, ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა. აფხაზეთის მაცხოვრებლებმა, მათ შორის მოქმედი ხელისუფლების მომხრეებმაც უცებ გააცნობიერეს, რომ ჯერ კიდევ გაპრეზიდენტებამდე ბევრად ადრე ასლან ბჟანია აფხაზეთის სუვერენიტეტის დათმობას აპირებდა.

«თავის დროზე ბჟანიასა და მის გუნდს იმიტომ დავუჭირე მხარი, რომ ვენდობოდი. მათ დაგვარწმუნეს, რომ კორუფციასა და უკანონობას ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებდნენ. ამ გუნდმა ხომ წარმოადგინა პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ეკონომიკური დარგების რეანიმირება-რეფორმირებას გეგმავდა. მაგრამ რეალობაში, ბჟანია და მისი გუნდი მხოლოდ ერთს აკეთებენ - ყველაფერს ყიდიან და ამას „ხელსაყრელ ინვესტიციებად“ ასაღებენ», - ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე ალექსეი.

«სანამ სახლში ღომი გვექნება, არ მოვკვდებით» - ასე იხუმრა ასლან ბჟანიამ თავის გამოსვლაში. მუცლის მონობა მიუღებელია მისთვის, ვინც ზრუნავს სახელმწიფოზე, ერის მომავალზე და ვისთვისაც სამშობლო ლიტონი სიტყვა არაა.. მსგავსი სიტყვები შეუფერებელია პოლიტიკური მოღვაწისთვის და მით უფრო პრეზიდენტისთვის. აფხაზები რომ ასე ფიქრობდნენ, არასოდეს დაიცავდნენ სამშობლოს ინტერესებს და ჩააბარებდნენ მათ, ვისაც სურდა, დაუფლებოდა. რაც მოვისმინე, მკრეხელობა და სირცხვილია! ბჟანიას ლოგიკას თუ მივყვებით, რა მნიშვნელობა აქვს, ვის ჩავაბარებთ სახელმწიფოს?! ასეთ შემთხვევაში არ მესმის, რატომ მაინცდამაინც რუსეთს? რატომ არა საქართველოს?! რატომ არა, მაგალითად, ჩინეთს, საფრანგეთს ან გერმანიას?!», - აღშფოთებულია ჩვენი რესპონდენტი არკადი.

ბოლო რამდენიმე თვეა, ასლან ბჟანია აქტიურად ლობირებს აფხაზეთის ელექტროენერგეტიკის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელთა წყალობითაც აფხაზურ ენერგეტიკაში რუსული ბიზნესის დაშვებას გეგმავს. მადლობა ღმერთს, 2017-ში ამ საბედისწერო კანონის მიღებისას, რომელსაც იმხანად დეპუტატი ბჟანია აქტიურად ეწინააღმდეგებოდა, მასში ჩაიდო რიგი დებულებები, რომელიც უცხოელებს, მათ შორის რუს ბიზნესმენებს აფხაზურ ენერგეტიკაში ინვესტირებას უკრძალავს. გაპრეზიდენტების შემდეგ ასლან ბჟანიამ შეწყვიტა პირდაპირი საუბარი აფხაზური ენერგეტიკის გასხვისებაზე, თუმცა დაიწყო ხალხისთვის იმ აზრის მოხვევა, რომ საკუთარი ძალებითა და ბიუჯეტით აფხაზეთი დარგის რეფორმირებას ვერ მოახერხებს. ხელისუფლების ვერსიით, მსგავსი რეფორმის მთავარი პირობა, რა თქმა უნდა, მილიარდობით რუბლია, რომელიც აფხაზეთს არ გააჩნია და მაშასადამე, აუცილებელია, სადღაც იპოვოს, თანაც აუცილებლად რუსეთში, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ეძებდა გზებს ჩვენი ენერგეტიკისკენ.

პრობლემა იმაშია, რომ ვერც ასლან ბჟანია, ვერც სპეციალისტები პროგნოზირებენ სცენარს, რომლითაც განვითარდება მოვლენები მას შემდეგ, რაც აფხაზური სახელმწიფოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დარგში რუსული ბიზნესი შემოვა.

მეტიც, მოქალაქეთა შიშები სატარიფო ბადის ცვლილებასთან დაკავშირებით უკვე გამართლდა: რუსეთს აფხაზურ ენერგეტიკაში ინვესტირება ჯერ არ დაუწყია, ტარიფი კი აფხაზეთში უკვე ნახტომისებურად გაიზარდა და რუსეთისას გაუტოლდა.

ეს ყველაფერი მეტყველებს მხოლოდ ერთზე: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ აფხაზეთის ენერგეტიკული დარგი ჩამოიშალოს, გაკოტრდეს და კაპიკებში ერგოს რუს ბიზნესმენებს, რომლებმაც დიდი ხანია, დაადგეს თვალი.

«ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ: ჩემთვის სულერთია, ვინ გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, - როგორც მომხმარებელს, ელექტროენერგიის ხარისხი მაინტერესებსო....», - აცხადებდა დეპუტატი ასლან ბჟანია 2017 წელს. ახლა 2024-ია, ბჟანია უკვე ოთხი წელია, პრეზიდენტია, პარლამენტში უმრავლესობას მისი თანაგუნდელები და მხარდამჭერები წარმოადგენენ, რომლებიც ყველა ღონეს იხმარენ მისი ნების აღსასრულებლად. ასე, რომ აფხაზურ ენერგეტიკას, როგორც ჩანს, აწი სასწაული თუ გადაარჩენს.

კრისტინა ავიძბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S