Accentnews.ge
მოსკოვში სამხედრო დაზვერვის სამმართველოს გენერალს თავს დაესხნენ

მოსკოვში სამხედრო დაზვერვის სამმართველოს გენერალს თავს დაესხნენ

06/02/2026 12:12:35 მსოფლიო

მოსკოვში შეიარაღებული თავდასხმა იყო გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმირ ალექსეევზე. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ის დაჭრილი და ჰოსპიტალიზებულია.

ვლადიმირ ალექსეევი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს, ანუ „გრუ“-დ წოდებული სამხედრო დაზვერვის უფროსის პირველი მოადგილეა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციის მიხედვით, დღეს, 6 თებერვალს ალექსეევს მოსკოვში, ვოლოკალამის გზატკეცილზე მდებარე სახლში რამდენჯერმე ესროლა ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მკვლელობის მიზნით თავდასხმისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების მუხლებით.

რუსული ტელეგრამ-არხები Baza და SHOT-ი იუწყებიან, რომ გენერლის მდგომარეობა მძიმეა. მათივე ცნობით, დღეს დილით, ბინიდან გამოსულ ალექსეევს თავდამსხმელი კიბეზე ელოდებოდა. ამ ტელეგრამ-არხების თანახმად, გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, გენერალს შესაძლოა, ქალმა ესროლა.

გამოცემა „კომერსანტი" კი სამართალდამცავ ორგანოებში წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ალექსეევს ბინასთან დახვდა მამაკაცი, რომელმაც წინასწარი მონაცემებით, საცხოვრებელ კორპუსში მას შემდეგ შეაღწია, რაც თავი კურიერად გაასაღა, მან გენერალი ჯერ ხელსა და ფეხში დაჭრა და როცა ალექსეევმა პისტოლეტის წართმევა სცადა, მკერდშიც ესროლა. გენერალი რომ მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციაშია „კომერსანტის" წყაროებიც ადასტურებენ.

  • „რუსეთის გმირის“ წოდების(2017 წლიდან) მფლობელი ვლადიმირ ალექსეევი 1961 წელს დაიბადა უკრაინის ვინიცის ოლქში. 1984 წელს რუსეთში დაამთავრა რიაზანის უმაღლესი საჰაერო-სადესანტო სასწავლებელი. სამხედრო დაზვერვის სამმართველოებს ხელმძღვანელობდა მოსკოვის და შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქებში. 2011 წელს დაინიშნა გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსის პირველ მოადგილედ.
  • ალექსეევი სირიაში მონაწილეობდა რუსეთის სამხედრო ოპერაციაში ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად.
  • მიჩნეული იყო კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ერთ-ერთ კურატორად. 2023 წელს „ვაგნერის“ ამბოხების დროს ალექსეევმა ამ დაჯგუფების წევრებისადმი ვიდეომიმართვა გაავრცელა და პირადი კონტაქტი ჰქონდა „ვაგნერის“ დამაარსებელ ევგენი პრიგოჟინთან.
  • რადიო თავისუფლების პროექტების, „სისტემის“ და „სქემების“ გამოძიების თანახმად, პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის მაშინდელ მინისტრ შოიგუს შორის განხეთქილების შემდეგ, ალექსეევს დაევალა „ვაგნერის“ შემცვლელი დაჯგუფების შექმნა და ჩამოყალიბდა ახალი კერძო სამხედრო კომპანია „რედუტი“, რომელიც არსებითად იყო რუსეთის სამხედრო დაზვერვის ქსელი უკრაინაში საომრად ხალხის დასაქირავებლად.
  • 2023 წელს გამოცემა The Insider-ი წერდა, რომ ვლადიმირ ალექსეევი იყო კურატორი საერთაშორისო ავტორალის, „აბრეშუმის გზა“, რომელსაც რუსეთის სამხედრო დაზვერვა იყენებდა თავისი რეზიდენტების ინფრასტრუქტურად და პოლიტიკური კონტაქტების დასამყარებლად.
  • 2024 წელს რუსული მედია წერდა, რომ სწორედ ალექსეევმა შეაგროვა კომპრომატები რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვზე. მას 2025 წელს კორუფციის ბრალდებით 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
  • დიდ ბრიტანეთში ვლადიმირ ალექსეევს ადანაშაულებენ 2018 წელს ქალაქ სოლსბერიში ნივთიერება „ნოვიჩოკით“ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან კავშირში.
  • ვლადიმირ ალექსეევი სანქცირებულია აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ.

კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გენერალ ალექსეევზე თავდასხმის გამო სპეცსამსახურები თავის საქმეს აკეთებენ და ინფორმაციას აწვდიან პრეზიდენტ პუტინსაც.

პესკოვის თქმით, ალექსეევის მსგავსი სამხედრო მეთაურები და მაღალი კლასის სპეციალისტები ომის დროს საფრთხის ქვეშ არიან, მაგრამ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე კრემლში არ უნდა იმსჯელონ, რადგან ეს სპეცსამსახურების საქმეა.

ბოლო წლებში რუსეთის დედაქალაქსა და მის შემოგარენში რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანი მოკლეს.

  • 2025 წლის დეკემბერში მოსკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი.
  • 2025 წლის აპრილში მოსკოვის ოლქის ქალაქ ბალაშიხაში, სახლთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი იაროსლავ მოსკალიკი.
  • 2024 წლის დეკემბერში მოსკოვის რიაზანის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კომპლექსთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაური იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე.

ყოველ ჯერზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ერთ-ერთ ვერსიად ასახელებდა დანაშაულის ორგანიზებას უკრაინის სპეცსამსახურების მიერ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S