ყირიმში რუსული სამხედრო აეროდრომის დაბომბვის შესახებ იუწყებიან
31/01/2024 19:36:23 მსოფლიო
უკრაინამ ანექსირებულ ყირიმში მდებარე ბელბეკის აეროდრომი დაბომბა. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი ნიკოლაი ოლეშჩუკი “ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს.
“იცოდით, რომ უკრაინის საჰაერო ძალების შემადგენლობაში არის სევასტოპოლის ტაქტიკური ავიაციის 204-ე ბრიგადა? ასე რომ, მისი ბაზირების საშტატო ადგილი ბელბეკის აეროპორტია!
უკრაინელი ავიატორები აუცილებლად დაბრუნდებიან სახლში მშობლიურ აედრომში. მანამდე კი მადლობა ყველას, ვინც ყირიმის რუსული ყოფნისგან გაწმენდას შეუერთდა!” - წერს ოლეშჩუკი.
მან ასევე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს სახმელეთო სამიზნეზე რაკეტის დაცემა და აფეთქება.
გამოცემა “უკრაინსკაია პრავდას” ინფორმაციით, აეროდრომზე დარტყმა Storm Shadow და Scalp ფრთოსანი რაკეტებით განხორციელდა.
მანამდე ადგილობრივი ტელეგრამ არხები იუწყებოდნენ მასირებული შეტევისა და აფეთქებების შესახებ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 31 იანვრის საღამოს ყირიმს 20 რაკეტით შეუტიეს. ამავე წყაროს მტკიცებით, ჩამოგდებული უკრაინული რაკეტების ნამსხვრევების ნაწილი ლიუბიმოვკას მახლობლად მდებარე სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე დაეცა. შეტყობინებაში არ წერია რომელ ნაწილზეა საუბარი.
ამავდროულად, სევასტოპოლის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხეილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ ქალაქს სულ მცირე ექვსი რაკეტით დაესხნენ თავს. რაზვოჟაევის თქმით, ლიუბიმოვკას გარდა, დაზიანდა 12 შენობა.


