Accentnews.ge
ვარდოსანიძემ გამოკითხვის შემდეგ დატოვა სუს–ის შენობა

ვარდოსანიძემ გამოკითხვის შემდეგ დატოვა სუს–ის შენობა

31/01/2024 19:56:47 სამართალი, საზოგადოება

ძალადობრივ, პრორუსულ ჯგუფ "ალტ–ინფოსთან" დაკავშირებულმა ბლოგერმა ბექა ვარდოსანიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების შენობა მრავალსაათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა.

ის უწყებაში მოწმის სახით გამოკითხვაზე დღის პირველ ნახევარში გადაიყვანეს ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში. მანამდე მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა და როგორც იუწყებიან, ამოიღეს ტექნიკა.

ტექნიკის ამოღება სუს–ის შენობის დატოვების შემდეგ მედიასთან ვარდოსანიძემაც დაადასტურა და თქვა, რომ გამოკითხის მიმდინარეობისას ძირითადად, მის ელექტრონულ ფოსტას ათვალიერებდნენ.

"ტექნიკა მთლიანად ჩამომართვეს. ვეღარ გავაგრძელებ მაუწყებლობას [...] გიჟი უნდა ვიყო, რომ მეილით, რომელიც ჩემთან არის ასოცირებული, ასეთი შეტყობინება გავაგზავნო და მთელი ქვეყანა დავაყენო ფეხზე. ცოტა არ იყოს სასაცილოა”, - განაცხადა ბექა ვარდოსანიძემ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით.

ვარდოსანიძის ინტერესების დამცველმა სერგო ხურციძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სუს-ის წარმომადგენლებმა ვარდოსანიძის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინება ვერ იპოვეს:

"გახსნეს და აღმოჩნდა, რომ მსგავსი რამ გაგზავნილი არაა".

მისივე თქმით, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებას გააგრძელებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღის პირველ ნახევარში გაავრცელა ცნობა, რომ 31 იანვრის დილით ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსკ-ის 331-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე კონტრტერორისტულმა ცენტრმა ბექა ვარდოსანიძის ბინა და ავტოფარეხი გაჩხრიკა.

სუს–ის ინფორმაციით, "დგინდება, რომ დროის გარკვეული ინტერვალით, კონკრეტული პირის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან, სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ტელეკომპანია „იმედის“ ოფიციალურ მეილზე აღნიშნულმა მომხმარებელმა გაგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინება. ტექსტში მითითებული იყო, რომ კლუბში „ბასიანი“, ბარში „რატის ბარში“ და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საახალწლო ღონისძიების ფარგლებში განთავსებულ სცენაზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიასა და სხვადასხვა ავტომანქანაში დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები".

როგორც სუს–ში განაცხადეს, ჩხრეკის შედეგად ამოიღეს სხვადასხვა კომპიუტერული და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ტექნიკა, "რაზეც ჩატარდება შესაბამისი მოქმედებები და საექსპერტო კვლევები".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S