
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დარწმუნებულია, რომ კონგრესი უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი დახმარების პაკეტს მხარს დაუჭერს
01/02/2024 05:09:36 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი დარწმუნებულია, რომ კონგრესი უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი დახმარების პაკეტს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ მან კიევში ვიზიტისას განაცხადა.
„უკრაინის ორპარტიული მხარდაჭერა ძლიერი რჩება მთელს ქვეყანაში. ამერიკელ ხალხს ესმის და აღფრთოვანებულია იმ სასწაულით, რომელსაც უკრაინამ უკვე მიაღწია ამ ველური რუსული აგრესიისგან თავის დაცვით. მათ ასევე ესმით, რა მოხდება, თუკი არ გააგრძელებთ არა მხოლოდ გადარჩენას, არამედ განვითარებას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაგება აისახება კონგრესის კენჭისყრაზე პრეზიდენტ ბაიდენის განაცხადთან დაკავშირებით",– განაცხადა ნულანდმა.
ცნობისთვის: აშშ–ის კონგრესი რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად მრავალმილიარდიანი პაკეტის მიღებას ჯერ–ჯერობით ვერ ახერხებს. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის 61 მილიარდ დოლარს ითხოვს.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის და სენატის წევრი რესპუბლიკელები უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას უკავშირებენ არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას. რესპუბლიკელები არასაკმარისად მიიჩნევენ საზღვრის დასაცავად დემოკრატების მიერ შეთავაზებულ ზომებს. მედიის ცნობით, ბაიდენმა უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტის მისაღებად "მნიშვნელოვან კომპრომისებზე" წასვლა დააანონსა.