
სტრასბურგმა გიგი უგულავას დაკავების საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა
01/02/2024 11:33:07 სამართალი
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) გიგი უგულავას დაკავების საქმეზე დაადგინა, რომ მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა .
საქმე ეხება „თბილისის განვითარების ფონდის" საქმეს, რომელშიც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უგულავა დამნაშავედ სცნო თანხის გაფლანგვაში.
ECHR-ის გადაწყვეტილების თანახმად, „მოცემულ საქმეში, გენერალური პროკურორის როლისა და ფართო უფლებამოსილების გათვალისწინებით, შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად და იმის გათვალისწინებით, რომ კონტექსტი, რომელშიც ჩატარდა განმცხადებლის გახმაურებული სასამართლო პროცესი, იყო პოლიტიკურად მგრძნობიარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სულ მცირე შალვა თადუმაძე იმ დროს, როდესაც ის გენერალური პროკურორი იყო, უნდა ყოფილიყო ინფორმირებული პროკურატურის შიდა სტრატეგიაზე მომჩივნის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის პროცესის განხილვისას და რომ ეს აშკარა უნდა ყოფილიყო გარე ობიექტური დამკვირვებლისთვის".
თავად გიგი უგულავა გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
"კარგი ახალი ამბავი სტრასბურგიდან: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ ჩემ მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის, სამართლიანი სასამართლოს უფლება დარღვევა დაადგინა. დაადგინა მოსამართლე თადუმაძის მიმართ ინტერესთა კონფლიქტი, როცა ის ჩემს საქმეზე პროკურორიც იყო და მოსამართლეც.
შეგახსენებთ 2020-ში, პოლიტიკური კრიზისის დროს, თადუმაძის ხელმძღვანელობით, უზენაესმა სასამართლომ შეცვალა წინა ინსტანციების გადაწყვეტილება და დამაკავა. მწვავე საერთაშორისო პროტესტის შემდეგ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იძულებული გახდა შევეწყალებინე.
ეს ჩემი მეორე სარჩელია. პირველიც მოვიგე, რომელიც ჩემს 2014-ში დაკავებას ეხებოდა. ასე რომ, სამართალი ურმით დადის, მაგრამ ადრესატამდე მაინც მიდის. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა, სამწუხაროდ, ოლიგარქის შაპიტოა".
2020 წლის 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა „თბილისის განვითარების ფონდიდან” 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო, როდესაც უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს გიგი უგულავას საქმეზე განაჩენი გამოიტანა. ხოლო, იმ დროს, როდესაც განმცხადებლის საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილებოდა, შალვა თადუმაძეს გენერალური პროკურორის თანამდებობა ეკავა. უგულავას მხარე აცხადებდა, რომ უზენაესი სასამართლო ამ გადაწყვეტილების მიღებისას არ იყო მიუკერძოებელი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის დადგენას მოითხოვდა. დაცვის მხარემ უზენაეს სასამართლოში მიმდინარე პროცესზე შალვა თადუმაძის საქმიდან აცილების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის შიში არ იყო გამართლებული.
მოგვიანებით, გიგი უგულავა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.