ზელენსკი – უკრაინისთვის 50 მლრდ ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფაზე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება 27-ვე ლიდერმა მიიღო
01/02/2024 11:44:04 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო ევროკავშირს მადლობას უხდის.
„მადლობას ვუხდი შარლ მიშელს და ევროკავშირის ლიდერებს უკრაინისთვის 2024-2027 წლებში 50 მილიარდი ევროს მოცულობის მექანიზმის შექმნისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება 27-ვე ლიდერმა მიიღო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე ერთიანობას“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
ევროკავშირის ლიდერებმა უნგრეთის წინააღმდეგობა დაძლიეს და უკრაინისთვის 50 მლრდ ევროს ოდენობის გამოყოფაზე თანხმობა ერთსულოვნად განაცხადეს.
შეთანხმება მიღწეული იქნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის რამდენიმეკვირიანი წინააღმდეგობის შემდეგ.
ორბანმა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას ვეტო დეკემბერში დაადო.
საქმე ეხება უკრაინისთვის საფინანსო დახმარების გამოყოფას ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ნაწილი ამ თანხისა, 17 მილიარდი, პირდაპირი დახმარება იქნება, დანარჩენი, 33 მილიარდი კი კრედიტების ფორმით გადაერიცხება კიევს მომავალი ოთხი წლის განმავალობაში.


