„ქალი ხატებით“, სტალინი & Co, ანუ გეშინოდეთ რუსული ძღვენის მომტანი დანაელების

01-02-2024 18:16:23 ანალიზი

საქართველო და ოკუპირებული აფხაზეთი სადღეისოდ თითქოს სხვადასხვა სამყაროებია, უამრავი განსხვავებით. მაგრამ ის, თუ რამდენად მსგავსია ხშირად ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებზე ზემოქმედების მეთოდები, რიგ სხვა ფაქტორებთან ერთად, ბადებს აზრს, რომ უკვე 30 წლის განმავლობაში რუსი მესაზღვრეებითა და კრემლის პროპაგანდით გაყოფილ ორ ხალხს შორის მსგავსება განსხვავებაზე კვლავინდებურად მეტია.

ბოლო ორი წლის მოვლენებზე დაკვირვება აჩენს მკაფიო განცდას, რომ ქართველებისა და აფხაზების (სულ მცირე, მენტალურ) მსგავსებაში დარწმუნებულები არიან მოსკოვშიც. წინააღმდეგ შემთხვევაში კრემლელი იდეოლოგები თავს შეიწუხებდნენ ორი ხალხისთვის ზემოქმედების მეტ-ნაკლებად განსხვავებული მეთოდების შემუშავებით, არ გამოიყენებდნენ ამ მიზნით ერთსა და იმავე პერსონაჟებს, მით უფრო ერთსა და იმავე სიტყვებს თავის სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ ნარატივებში, რომელსაც მოსკოვი ასე გააფთრებით ავრცელებს ერთდროულად თბილისსა და სოხუმში მას შემდეგ, რაც უკრაინაში კრემლის თავდაპირველი გეგმის ჩავარდნა გააცნობიერა.

ყველას გვახსოვს ზღაპარი იმის შესახებ, როგორ „ცდილობდა დასავლეთი საქართველოს ომში ჩაბმას“, როგორ „გვაიძულებდა“ უკრაინის დასახმარებლად რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის გახსნას“, როგორ „მამაცად უწევდა ამას წინააღმდეგობას საქართველოს პრაგმატული ხელისუფლება“, სოხუმის არანაკლებ „პრაგმატული“ რეჟიმი კი „სასწრაფოდ ამზადებდა ჯარს“, რადგან „დასავლეთის წაქეზებით მოქმედი რადიკალური ქართული ოპოზიცია სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით პროვოკაციებს გეგმავდა“. ეს სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული მტკიცებები ლამის ყოველდღიურ რეჟიმში გვესმოდა კრემლელი დეზინფორმატორების, მათ კვალდაკვალ კი საქართველოს ხელისუფლებისა და სოხუმის რეჟიმის რიგი წარმომადგენლების მხრიდან, თანაც ხშირად - ერთი და იგივე სიტყვების გამოყენებით. თუმცა არანაირი „პროვოკაციები“ და „მეორე ფრონტი“ არ მოხდა, ზღაპარი მოძველდა - და პროპაგანდისტულ თამაშში ახალი „კარტების“ შეყვანა გახდა საჭირო.

ასეც მოხდა. „კარტი“ ბევრი იყო, ყველას ჩამოთვლას არ დავიწყებ, შევჩერდები მხოლოდ უკანასკნელზე, რომელსაც მოსკოვი კვლავ ერთდროულად ათამაშებს თბილისსა და სოხუმში. ეს „კარტი“ სტალინია, ხოლო მისი გათამაშების ველად შეირჩა ორივე ხალხისთვის ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური სფერო - რწმენა, რელიგია, ეკლესია და ყველაფერი, მათთან დაკავშირებული.

უკვე რამდენიმე კვირაა, საქართველოში არ ცხრება სკანდალი მატრონა მოსკოველის ხატის ირგვლივ, რომელიც თბილისში, წმინდა სამების კათედრალში აღმოაჩინეს. და საქმე აქ არა მატრონას სადავო წმინდანობაშია ან მის რუსულ წარმომავლობაში, არამედ საბჭოთა დიქტატორ იოსებ სტალინში, რომელიც ხატის ერთ-ერთ ფრაგმენტზე აღმოჩნდა გამოსახული.

იოსებ ჯუღაშვილის რა დამსახურებებზეც არ უნდა საუბრობდნენ ზოგიერთები, უდავოა, რომ სწორედ სტალინი იდგა გაუგონარი რეპრესიების, ასობით ათასი უდანაშაულო ადამიანის, ათობით ათასი მორწმუნეს, მათ შორის სასულიერო იერარქების მკვლელობების, ათასობით ეკლესიის განადგურების, ზოგადად რწმენასთან ბარბაროსული ბრძოლის უკან, საკუთრივ საქართველოს შემთხვევაში კი - 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის უკანაც. ამდენად, რა გასაკვირია და ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ტაძარში სტალინის გამოსახულება ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა არა მარტო მკრეხელობად, ეკლესიისა და იმპერიალისტური დიქტატურის ასიათასობით უდანაშაულო მსხვერპლის ხსოვნის შეურაცხყოფად, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის სულში ჩაფურთხებადაც აღიქვა.

მაგრამ ეს ყველაფერი როდია: მოგვიანებით სკანდალურ ხატზე აღმოაჩინეს თანამედროვე სამოსში გამოწყობილ იმ მლოცველთა გამოსახულებაც, რომელთაგან ზოგიერთი სამების ტაძრისთვის სკანდალური ხატის მჩუქებლებს - პრორუსული „პატრიტთა ალიანსის“ ლიდერებს ირმა ინაშვილსა და დავით თარხან-მოურავს წააგავს.

თავი დავანებოთ იმას, რომ მატრონასთან სტალინის ვითომდა შეხვედრა, რომელიც ხატის ფრაგმეტზეა გამოსახული, თავად რუსულ ეკლესიასაც კი არ უღიარებია მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო და შესაბამისად, არაკანონიკურია. გვერდზე დავტოვოთ ისიც, რომ თავად მატრონა ნიკონოვას წმინდანობა, რომელიც ძალიან ბევრს სადავოდ მიაჩნია, მხოლოდ რუსულ ეკლესიას აქვს აღიარებული. თავი დავანებოთ ჩვენი ეკლესიის იმ არგუმენტის აშკარა სისუსტესაც, რომ ზოგადად, ხატზე ბოროტი ძალებისა თუ პერსონების გამოსახვა მიღებულია (წმინდა გიორგისა და ურჩხულის თუ სხვა მსგავსი მაგალითები აქ სრულიად არარელევანტურია, რადგან ურჩხული და სხვა ბოროტი ძალები ასეთ ხატებსა თუ ფრაგმენტებზე ყოველთვის დამცირებულ, დამარცხებულ მდგომარეობაშია გამოსახული, განსხვავებით სტალინისგან, რომელიც სკანდალური ხატის ფრაგმენტზე ზომითაც დიდია მატრონას ფიგურაზე, ანუ წამყვანი როლი ენიჭება და თან არათუ დამცირებულ-დაკნინებულია, არამედ ამაყად მოაბიჯებს)... ის ფაქტი, რომ ხატის შემწირველები დაუფარავად პრორუსული ელემენტები არიან, ისედაც ბადებდა ეჭვს, რომ ამ პროვოკაციასთან გარკვეული კავშირი რუსეთს შეიძლებოდა, ჰქონოდა. ხოლო მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მემარცხენე რუსმა პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პუბლიკაციით აღიარა, რომ ყველაფრის ორგანიზატორი ბიძამისია - „უცხოეთში მყოფ რუს თანამემამულეთა დახმარების ფონდის“ ხელმძღვანელი, თანაც დაურთო ტექსტი - „სტალინი საქართველოს მთავარ ტაძარშია! ვაშა, ამხანაგებო, ვაშაო!“, ეჭვები საბოლოოდ გაიფანტა.

რუსი პოლიტიკოსის ხსენებული სიტყვებიდან გამომდინარე, ამ აქტის ორგანიზატორების მიზანს სამების ტაძარში არა მატრონას ხატის, არამედ სწორედ სტალინის გამოსახულების მოხვედრა წარმოადგენდა, - სავარაუდოდ, როგორც „მტკიცებულება“ იმისა, რომ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტი - ეკლესია, ისევე, როგორც მოსახლეობა, რომლის დიდი ნაწილი მორწმუნეა, ვითომდა ეთაყვანება საბჭოთა დიქტატურისა და იმპერიალისტური სიდიადის მკაფიო სიმბოლოს - იოსებ სტალინს, რომლის კულტის რეინკარნაციას ასე გააფთრებით ცდილობს ამჟამად პუტინის რეჟიმი: აქაოდა, „დღეს რომ რუსეთში სტალინის ბუმი გვაქვს და საბჭოთა იმპერიის აღდგენის მცდელობა, საქართველო ჩვენთანაა - ჩვენთან და არა დასავლეთთან, რომელიც ჩვენს საერთო ტრადიციულ ფასეულობებს ებრძვისო“.

გარდა ამისა, ორგანიზატორთა მიზანი ისედაც პოლარიზებულ ქართულ საზოგადოებაში დაპირისპირების გამწვავება შეიძლებოდა, ყოფილიყო: ეს „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით მოქმედ კრემლსაც ძალიან აწყობს და ამავდროულად, უდავოდ წაადგებოდა წინასაარჩევნოდ „ქართულ ოცნებას“ - კრემლისთვის კომფორტულ მმართველ ძალას, რომელიც კვლავინდებურად ავლენს მოსკოვისადმი „პრაგმატულ“ დამყოლობას, მათ შორის - მზადყოფნით, განაგრძოს სუსტად შენიღბული ბრძოლა საქართველოს იმ პროდასავლურ კურსთან, რომელსაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს და რომელიც ამის საფუძველზე კონსტიტუციაშიცაა ასახული.

თუ მიზანი მართლაც ასეთი იყო, უნდა ვაღიაროთ, რომ ორგანიზატორებმა მას, სამწუხაროდ, გარკვეულწილად მიაღწიეს: სტალინის ხატის ირგლივ აგორებული სკანდალი მორიგ პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა; მმართველმა პარტიამ მიიღო მორიგი გამოგონილი საბაბი საარჩევნო კამპანიაში საეკლესიო თემის გამოსაყენებლად და ამავდროულად იმ ანტიდასავლური რიტორიკის გასაგრძელებლად, რომელიც ესოდენ საზიანოა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისთვის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილების მოლოდინში, რომლის ერთ-ერთ ყველაზე მარტივად შესასრულებელ პირობას სწორედ ანტიდასავლური პროპაგანდის შეწყვეტა წარმოადგენს.

არ მგონია შემთხვევითი, რომ ხატის ირგლივ აგორებული სკანდალის ფონზე „ოცნებას“ სამების კათედრალში სტალინის გამოსახულება დიდად არც გაუპროტესტებია, სამაგიეროდ სიამოვნებით აიტაცა „ალტ-ინფოს“ - ლიდერების მოსკოვში ხშირი ვიზიტებით, გამალებული ანტიდასავლური პროპაგანდით, პროდასავლელებზე ძალისმიერი თავდასხმებითა და ევროკავშირის დროშების დაწვით ცნობილი მარგინალური პრორუსული ორგანიზაციის ინიციატივა რელიგიური ობიექტების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების თაობაზე.

არც ის მგონია შემთხვევითი, რომ მმარველი გუნდის წარმომადგენლები ბოლო დღეებში აქტიურად იმეორებენ სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ ნარატივს, თითქოს სტალინის ხატის ირგვლივ აჟიოტაჟი წარმოადგენს „კოორდინირებულ შეტევას ქართველი ხალხისთვის ყველაფერ ღირებულზე - რწმენაზე, კულტურაზე, წარსულზე, ფასეულობებსა და ტრადიციებზე“, თითქოს ამ „შეტევას“ ახორციელებს ოპოზიცია არასამთავრობო სექტორთან ერთად, მსგავს „ტერორისტულ კამპანიებს“ კი აფინანსებს დასავლეთი, კერძოდ, ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა აშშ-ის საერთშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნარატივები ძალიან კარგადაა ცნობილი ბოლო დროის აფხაზეთისთვის. და ვინ ებრძვის აფხაზეთში დაუღალავად იმავე საერთაშორისო ორგანიზაციებს? - დიახ, რუსეთის ინტერესების პირდაპირი გამტარებელი ინალ არძინბა!

და სხვათა შორის, აფხაზეთისთვის ცნობილია სტალინის სკანდალური ხატის სამების ტაძრისთვის შემწირველი „პატრიოტთა ალიანსიც“: 2020 წლის აგვისტოში ხომ იგივე ირმა ინაშვილი „საიდუმლოდ“ სტუმრობდა რეგიონს - არ გაგიკვირდეთ და მაშინაც (მართალია, სტალინის გამოსახულების გარეშე, მაგრამ ასევე არაკანონიკური) ხატის ჩუქების მოტივით და მაშინაც, როგორც შემგომში გაირკვა, ამ „ჰუმანიტარულ-პატრიოტულ-საღმრთო“ აქტის უკან „რუსი ჩინოსნების თხოვნა“ იდგა... ვინაიდან აფხაზეთში პრორუს ქართველ პოლიტიკოსს იმხანად „პრეზიდენტის მრჩეველი“ ლაშა საკანია მასპინძლობდა, რომელიც აფხაზური საზოგადოებისთვის მოსკოვთან შუამავლად უფრო იყო ცნობილი საჭირო დროს რუსეთისგან აუცილებელი ფინანსების, დოკუმენტებისა და ინფორმაციის მისაღებად, მაშინვე გაჩნდა ვარაუდი, რომ ინაშვილიც აფხაზეთს არა ხატის ჩასატანად, არამედ მოსკოვისგან ფინანსებისა და დავალებების მისაღებად ეწვია. და მართალია, თავად პოლიტიკოსი ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა, ამ ვიზიტს კი მოიხსენიებდა „პოლიტიკური მდგენელისგან სრულიად თავისუფალ სინათლის სხივად“, ფაქტია, რომ ამ „სხივმა“ თბილისსა და სოხუმს კარგი არაფერი მოუტანა, სამაგიეროდ ძალიან არგო მოსკოვის მიზნებს: აფხაზეთში დიდი სკანდალი აგორდა, დე-ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და მის გუნდს „სამშობლოსა და სახელმწიფო ინტერესების ღალატში“ დასდეს ბრალი, შედეგად კი ქართულ-აფხაზური დარეგულირების იმ ჩანასახოვან მცდელობებს, რომლებიც სწორედ ბჟანიას მმართველობის დასაწყისში გაჩნდა, უმალვე დაესვა წერტილი...

გადის 3,5 წელი და ინაშვილი მორიგ „ჰუმანიტარულ-პატრიოტულ-საღმრთო“ აქტს უკვე თბილისში ახორციელებს, უკვე სტალინის ხატის გამოყენებით...

ეჭვი მეპარება, ამ „ქალბატონს ხატებით“, უფრო სწორად მის უკან მდგომთ ინაშვილის აფხაზეთში შეგზავნა კიდევ მოუვიდეთ აზრად. მაგრამ საბჭოთა დიქტატურისა და იმპერიული სიდიადის სიმბოლო - ამხანაგი სტალინი იქ ბოლო პერიოდში ინაშვილის გარეშეც „გააცოცხლეს“. და აფხაზურმა საზოგადოებამ ამის გამო უკვე განგაშის ზარსაც შემოჰკრა.

მთელი ამ ისტორიის მორალი შემდეგში მდგომარეობს: პატრიოტიზმის, რწმენის, ერთმორწმუნეობის, ჰუმანიტარული საქმიანობის, ტრადიციების ცნებები, ისევე, როგორც სიტყვათა შეთანხმებები „საერთო ისტორია“, „საერთო ფასეულობები“ ყოველი ჩვენგანისთვის თითქოს დადებითი მნიშვნელობის მატარებელი უნდა იყოს, მაგრამ ბოლო წლებში მათ მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში (და არა მარტო) დიდი სიფრთხილით ეკიდებიან, რადგან მეტისმეტად უყვარს ამ ცნებებით ჟონგლიორობა კრემლს და მეტისმეტად ხშირია შემთხვევები, როცა პოლიტიკური ძალები, რომელთა სახელწოდებებსა თუ განცხადებებში ეს სიტყვები ფიგურირებს, პირდაპირ თუ ირიბად სწორედ პუტინის რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან.

ასე, რომ გეშინოდეთ რუსული ძღვენის მომტანი, ტკბილად მოუბარი დანაელების, - თუნდაც ძღვენი ხატი იყოს.

ეკა ცანავა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები