ცქიტიშვილი: თვისობრივი ცვლილებების ვერანაირი ნიშანი ვერ მივიღეთ

01-02-2024 19:05:37 პოლიტიკა ,კომენტარი

მართვის სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებები არ ჩანს,– ასე ეხმიანება „აქცენტთან“ მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, ექს-დეპუტატი, საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, "პროგრესული ფორუმის" თავმჯდომარე დიმიტრი ცქიტიშვილი სამთავრობო ცვლილებებს. როგორც გაირკვა, სამთავრობო კაბინეტში პრემიერ–მინისტრის კვალდაკვალ მხოლოდ ჯუანშერ ბურჭულაძე დატოვებს თავდაცვის მინისტრის პოზიციას.

დამაჯერებელი არგუმენტაციის არარსებობა, მაინც რამ განაპირობა საკადრო გადაადგილება, მით უფრო, რომ მმართველი გუნდი შეცდომების არსებობას არ აღიარებს, ცქიტიშვილს აფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს შიდა პარტიულ საკითხთან, ერთი პირის ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან.

"თვისობრივი ცვლილებების ვერანაირი ნიშანი ვერ მივიღეთ, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფრის [არსებული მიდგომების] გაგრძელებაა, ოღონდ ამ შემთხვევაში ღარიბაშვილის მიმართ უკმაყოფილება რამ გამოიწვია, „ფარდის“ მიღმა დარჩა – ვერ გავიგეთ, რატომ სთხოვა თუ მოსთხოვა ივანიშვილმა გადადგომა. სხვა მიზეზი [გადადგომის] ვერ დავინახეთ – პარლამენტს მასთან წინააღმდეგობა არ ჰქონია და ფაქტია, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარის მოსვლასთან ერთად მოხდა მისი ჩანაცვლება. აი, პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე რამდენად აქტიურად იმუშავებს [ღარიბაშვილი] და რეალურად იქნება თუ არა ჩართული პროცესებში, ეს არ ვიცი და პრინციპში, ძნელი დასანახია, მაგრამ მას არანაირი ინსტიტუციური ბერკეტი არ აქვს, რაღაც სერიოზული გავლენები რომ ჰქონდეს, როგორც ეს წინა თავმჯდომარეს [კობახიძეს] ჰქონდა – ის პარლამენტში უმრავლესობას მართავდა და პარლამენტიდან გამომდინარე შეეძლო, დიდი ბერკეტები ჰქონოდა ზოგადად პოლიტიკაზე. ამჟამად პარტიის საპატიო თავმჯდომარე ფორმალურადაც არის ჩართული პროცესებში და მას გადაწყვეტილებების მიღების უფლება, კომპეტენცია, შესაბამისად, წონაც აქვს“,– ამბობს ცქიტიშვილი.

რაც შეეხება კონკრეტული კანდიდატის შერჩევას, ცქიტიშვილის ვარაუდით, ამგვარი საკადრო გადაწყვეტილება უფრო უმტკივნეულო როტაციად ჩაითვალა, ვიდრე დავუშვათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელძღვანელის გამოყვანა პოლიტიკურ არენაზე, რასაც შესაძლოა, ამ გავლენიანი ძალოვანი უწყების ახლიდან დაბალანსების აუცილებლობა დაეყენებინა დღის წესრიგში:

„ვერ ვიტყოდი, რომ პოლიტიკის დონეზე ამ სხვადასხვა შტოებს შორის რაიმე დისონანსს ვხედავდი: მთავრობას შესაძლოა, სხვა ფოკუსი ჰქონდა და ცდილობდა, უფრო სოციალურ საკითხებზე ჰქონოდა ორიენტირი; საპარლამენტო მხარე კი ცდილობდა, ყოველდღიურ პოლიტიკურ პროცესში ყოფილიყო ჩართული და ოპონენტებთან მეტი კონფრონტაციული ტონი ჰქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთი, საკმაოდ შეთანხმებული პოლიტიკა იყო წარმოებული. შესაბამისად, ერთი ირაკლის მეორე ირაკლითი ჩანაცვლება ნიშნავს, რომ იმ წრიდან, რომელთანაც ივანიშვილს აქვს ურთიერთობები (თქვა, რომ სამ–ოთხ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი), ხდება პრემიერის კანდიდატის შერჩევა. ალბათ, კიდევ რამდენიმე ადამიანია, რომლებიც შეიძლებოდა, რომ კანდიდატები ყოფილიყვნენ, სავარაუდოდ, მათ შორის იქნებოდა უსაფრთხოების სამსახურიც [სუს–ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი], მაგრამ ჩაითვალა, რომ ამჟამინდელი გადაწყვეტილება არც პარლამენტს დააზიანებს და არც მთავრობაში გამოიწვევს დისონანსს – უფრო უმტკივნეულო როტაცია იქნება, ვიდრე ვთქვათ, უსაფრთხოების სამსახურის „გამოყვანა“ [პოლიტიკურ არენაზე]. მაგრამ ეს მეორეხარისხოვანი მგონია. რეალურად რა მოხდა, მგონია, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით. ამ დრომდე ვერც ერთი დამაჯერებელი არგუმენტი ვერ მოვისმინე“.

ცქიტიშვილი ამ ეტაპზე არ ელის, რომ შიდაპოლიტიკური პროცესების ძირითადი დინამიკა სააშკარაოზე გამოვა:

“ივანიშვილს არ უყვარს საჯაროობა, ამიტომ, ძირითადი პოლიტიკური პროცესი მაინც ფარულად მიმდინარეობს. ძირთადი მიზეზები, გადაადგილებები, საფუძვლები, რეალური ძალაუფლების გადანაწილების სქემა – ვინ იქნება გავლენიანი, ვინ ნაკლებად – ეს ყველაფერი ჩრდილში იქნება და მთავრობის დამტკიცების დროსაც მოვისმენთ იმავეს, რაზეც აქამდე იყო საუბარი“.

რაც შეეხება პერსონალურ რეიტინგებზე აქცენტს, რაზეც პოლიტიკის რიგი კომენტატორები ამახვილებენ ყურადღებას, ამ გარემოებას ცქიტიშვილი მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს და საკუთარ მოსაზრებას შემდეგი არგუმენტებით ამყარებს:

  • საქართველოში საზოგადოებრივ გამოკითხვებში მთვრობის წევრი უფრო ლიდერობს, ვიდრე დეპუტატი და საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობა;
  • მეორე – სადღეისოდ, როდესაც ივანიშვილია პროცესში ჩართული, აზრს კარგავს „ქართული ოცნების“ ლიდერების რეიტინგებს შორის განსხვავებები, ვინაიდან ის არის ხმების მიღების გარანტი.

„როდესაც ივანიშვილი ჩრდილში იყო, პერსონალურ რეიტინგებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ შემთხვევაში ივანიშვილია ფიგურა, რომელზეც იქნება საარჩევნო სწორება“,– დასძენს ცქიტიშვილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები