ევროკომისიის პრეზიდენტი: "უკრაინისთვის გამოყოფილი 50 მლრდ ევრო პუტინს ძლიერ სიგნალს უგზავნის"
01/02/2024 17:54:12 მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი აცხადეებს, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი 50 მლრდ ევრო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ძლიერ სიგნალს უგზავნის".
"დღეს განსაკუთრებული დღეა. ევროკომისიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უკრაინის გვერდით დგას. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინა იბრძვის ჩვენთვის და ამიტომ ჩვენ მათ მივაწვდით საჭირო ფინანსურ დახმარებას, რომელსაც ისინი იმსახურებენ. ჩვენ ასევე ვთვლით, რომ ეს 50 მილიარდი ევრო, რომელიც უკრაინას ოთხი წლის განმავლობაში გადაეცემა, უგზავნის ძლიერ სიგნალს პუტინს", - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ბრიუსელში დღეს გამართულ საგანგებო სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა უნგრეთის წინააღმდეგობა დაძლიეს და უკრაინისთვის 50 მლრდ ევროს ოდენობის გამოყოფაზე თანხმობა ერთსულოვნად განაცხადეს.
შეთანხმება მიღწეული იქნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის რამდენიმეკვირიანი წინააღმდეგობის შემდეგ.
ორბანმა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას ვეტო დეკემბერში დაადო.
საქმე ეხება უკრაინისთვის საფინანსო დახმარების გამოყოფას ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ნაწილი ამ თანხისა, 17 მილიარდი, პირდაპირი დახმარება იქნება, დანარჩენი, 33 მილიარდი კი კრედიტების ფორმით გადაერიცხება კიევს მომავალი ოთხი წლის განმავალობაში.


