უკრაინის გენშტაბი: რუსებმა შეტევა განახორციელეს ფრონტის მთელ ხაზზე, იყო 63 შეტაკება
02/02/2024 07:17:13 მსოფლიო
რუსმა ოკუპანტებმა შეტევა განახორციელეს ფრონტის მთელ ხაზზე, ყველაზე აქტიურად ავდეევკის და მარინსკის მიმართულებით, განახორციელეს 2 სარაკეტო და 85 საჰაერო დარტყმა, 79 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე; მოხდა 63 სამხედრო შეტაკება,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 2 თებერვლის ანგარიშში.
ამასთან, უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ „ღამით რუსებმა მორიგი დარტყმა განახორციელეს "შაჰედ"-136/131 ტიპის 25 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით, მათგან 11 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.
გენშტაბის ცნობით, კუპიანსკის მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს მტრის 5 თავდასხმა ხარკოვის ოლქის ივანოვკას მახლობლად. გარდა ამისა, სამხედროები ამბობენ, რომ თავდასხმები მოიგერიეს ლიმანის მიმართულებით დონეცკის ოლქის ტერნოვის რაიონში; ბახმუტის მიმართულებით დონეცკის ოლქის კლიშჩეევკას მახლობლად; შახტარსკის მიმართულებით დონეცკის ოლქის ზოლოტაია ნივას სამხრეთით; ზაპოროჟიეს მიმართულებით რობოტინოს რაიონში.
სამხედროების ცნობითვე, ავდეევკას მიმართულებით უკრაინელი დამცველები აგრძელებენ მტრის შეკავებას, რომელიც კვლავ ცდილობს ქალაქის ალყაში მოქცევას. ბოლო 24 საათის განმავლობაში მოიგერიეს მტრის 16 შეტევა და კიდევ 6 შეტევა დონეცკის ოლქის პერვომაისკისა და ნეველსკის მახლობლად.
"მარინსკის მიმართულებით უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ მტრის შეკავებას დონეცკის ოლქის კრასნოხორივკას, გეორგიევკასა და ნოვომიხაილოვკას მახლობლად, სადაც მათ 11 თავდასხმა მოიგერიეს",– ნათქვამია ანგარიშში.
სამხედროები ასევე აღნიშნავენ, რომ ხერსონის მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ პოზიციების დაკავებას და საოკუპაციო ძალების თავდასხმების მოგერიებას: "მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, მტერი არ წყვეტს უკრაინული შენაერთების პოზიციებიდან განდევნის მცდელობებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსებმა 14 წარუმატებელი თავდასხმა განახორციელეს".
ანგარიშის მიხედვით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 24 საათის განმავლობაში დაარტყა 13 უბანს, სადაც იყო კონცენტრირებული ოკუპანტების პერსონალი, იარაღი და სამხედრო ტექნიკა და 1 რუსული საზენიტო სარაკეტო სისტემა. ორი დარტყმა განახორციელეს სარაკეტო ძალებმა ასევე ტექნიკისა და პერსონალის კონცენტრირების ლოკაციებზე.


