თურქეთში ეკლესიაზე თავდასხმისთვის 25 პირი დააკავეს
02/02/2024 07:40:25 მსოფლიო
თურქეთში კათოლიკურ ეკლესიაზე შეიარაღებულ თავდასხმასა და ერთი ადამიანის მკვლელობის საქმეზე 25 პირი დააკავა. წერს Reuters.
იუსტიციის მინისტრმა ილმაზ ტუნჩმა განაცხადა, რომ დაკავებულებს შორის არიან ტაჯიკეთისა და რუსეთის მოქალაქეები – ამირჯონ ხლიკოვი და დავით ტანდუევი, რომლებიც მანამდე პოლიციამ ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირისთვის აიყვანა.
დაკავებულ 25 პირს ბრალი წარუდგინეს უკანონო ორგანიზაციის წევრობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში, – თქვა მინისტრმა და დასძინა, რომ კიდევ ცხრა ეჭვმიტანილი გაათავისუფლეს სასამართლო განხილვების დაწყებამდე.
სტამბოლის ევროპულ ნაწილში, სარიერის რაიონში მდებარე კათოლიკურ ტაძარში ორი შეიარაღებული პირი 28 იანვარს, დილით, ღვთისმსახურებისას შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. მოკლულია თურქი მამაკაცი, რომელიც ნათესავების თქმით, ქრისტიანობის მიღებას აპირებდა.
მედიის ცნობით, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერთ-ერთი ტელეგრამ-არხით გაავრცელა ცნობა, რომ მკვლელობა ჩაიდინეს ორგანიზაციის თურქეთის განყოფილების წარმომადგენლებმა, რომლებმაც შეასრულეს ხელმძღვანელობის მითითება - გაუსწორდნენ ქრისტიანებს და ებრაელებს.


