უკრაინელი მაღაროელები, რომლებიც დრონებით შეტევის შემდეგ მაღაროებიდან ვერ ამოდიოდნენ, გადაარჩინეს
02/02/2024 10:25:13 მსოფლიო
უკრაინელმა მაშველებმა კრივოი-როგის ორი მაღაროდან 113 მაღაროელი ამოიყვანეს. ისინი მიწის ზედაპირზე ამოსვლას ვერ ახერხებდნენ მას შემდეგ, რაც დრონებით შეტევის შედეგად ელექტროქვესადგურის დაზიანების გამო მაღაროების ენერგომომარაგება შეწყდა.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს უკრაინის სამხრეთ და ცენტრალურ ოლქებს.
დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგის ერთ-ერთი ქვესადგურის დაზიანების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 100 ათასამდე აბონენტს. მაღაროების გარდა, ენერგომომარაგების გარეშე დარჩა საავადმყოფოების და სასწავლო დაწესებულებების ნაწილი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 25 უპილოტო საფრენი აპარატი. გენშტაბის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 11 დრონი გაანადგურეს.


