02-02-2024 14:54:28 კავკასია
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინა, ალიანსისა და სომხეთის დაახლოებაზე ისაუბრა Armenpress-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სომხეთში გამართული მაღალი დონის შეხვედრების შემდეგ.
მისი თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სომხეთმა გადაწყვიტა, პოლიტიკურად და პრაქტიკულად გააძლიეროს თანამშრომლობა ალიანსთან და ბლოკი მზადაა, იმ ტემპით იმოქმედოს, როგორიც პარტნიორებს სურთ.
"ჩვენ კმაყოფილი ვართ სომხეთთან დღევანდელი ორმხრივი ურთიერთობებით.ასევე ძალიან გვამხნევებს ცვლილებები სომხეთის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაში. ვიცი, რომ ეს რთული გადაწყვეტილებაა და ამას ალბათ, დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს ჩვენთან დაახლოებისკენ და სწორედ ამას აკეთებს სომხეთი",– თქვა ალიანსის წარმომადგენელმა.
კოლომინამ ასევე თქვა, რომ მიმდინარეობს მუშაობა პარტნიორობის პროგრამაზე, რომელიც "ამბიციურ მიზნებს" დასახავს.
"ერევანმა გადაწყვიტა, კოსოვოში NATO–ს სამშვიდობო ძალებში ჯარისკაცების რაოდენობა 50-ზე მეტით გაზარდოს, რაც აშკარად პოლიტიკური ჩართულობის ნიშანია. ამჟამად ვმუშაობთ ახალ ინდივიდუალურად შემუშავებულ პარტნიორობის პროგრამაზე (ITPP) საკმაოდ ამბიციური მიზნებით. ჩვენ ვმუშაობთ წვრთნების შესაძლებლობებზე. ორი წლის წინ, ძირითადად ომის შემდეგ, თანამშრომლობა თითქოს გაყინული იყო და ეს ნაბიჯები, ეს ცვლილება ძალიან არსებითია, ამიტომ ახლა წინ გვაქვს ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის პროგრამის დამტკიცება.დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება უახლოეს კვირებში. საუბრების შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სომხები მზად არიან, გააგრძელონ ეს გზა და გააფართოვონ თანამშრომლობა და ჩვენ ამაში დავეხმარებით სომხეთს",– თქვა ალიანსის წარმომადგენელმა.