ორბანი განმარტავს, ხანგრძლივი წინააღმდეგობის შემდეგ რატომ დათანხმდა ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის 50 მლრდ ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფას
02/02/2024 11:20:55 მსოფლიო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის ეროვნულ რადიოსთან ტრადიციულ ინტერვიუში განმარტა, ხანგრძლივი წინააღმდეგობის შემდეგ რატომ გადაწყვიტა, საბოლოოდ დასთანხმებოდა ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის ახალი, 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის გამოყოფას.
როგორც მან აღნიშნა, უნგრეთს არჩევანის საშუალება არ დაუტოვეს. კერძოდ, მისი თქმით, თუ შეთანხმება არ მიიღწეოდა და ბუდაპეშტი გააგრძელებდა ვეტოს უფლების გამოყენებას, მაშინ ევროკავშირის დანარჩენი 26 წევრი ქვეყანა დასთანხმდებოდა ფულის გაგზავნას უკრაინისათვის. მათ შორის დახმარებაში შევიდოდა თავად უნგრეთისთვის განკუთვნილი თანხები.
"რით იქნებოდა ეს უკეთესი?", - განაცხადა თავისი პოზიციის შეჯამების დროს ვიქტორ ორბანმა.
მისი თქმით, უნგრეთი უკრაინას იარაღით არ ამარაგებს, სამაგიეროდ ბუდაპეშტი ბრიუსელის სახსრებს იყენებს და უკრაინის სამოქალაქო საჭიროებების დაფინანსებაში ეხმარება.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, ხოლო დრო, როგორც მან განაცხადა "ახლა რუსეთისთვის მუშაობს".
ცნობისთვის: 1 თებერვალს ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.
შეთანხმება მიღწეული იქნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის რამდენიმეკვირიანი წინააღმდეგობის შემდეგ.
ორბანმა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას ვეტო დეკემბერში დაადო.
საქმე ეხება უკრაინისთვის საფინანსო დახმარების გამოყოფას ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ნაწილი ამ თანხისა, 17 მილიარდი, პირდაპირი დახმარება იქნება, დანარჩენი, 33 მილიარდი კი კრედიტების ფორმით გადაერიცხება კიევს მომავალი ოთხი წლის განმავალობაში.


