
DRI: ვინ არიან „ალტ-ინფოს“ ყველაზე მსხვილი და ხშირი შემომწირველები
02/02/2024 11:55:21 საზოგადოება
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" (DRI) ანგარიშის თანახმად, 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის ოქტომბრის ჩათვლით, „კონსერვატიულ მოძრაობას/ალტ-ინფოს“ 102 შემომწირველი ჰყავს, მათგან 101 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირია.
DRI–ს ცნობით, "2023 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში რადიკალურ ექსტრემისტულ დაჯგუფებას მხოლოდ ორი შემომწირველი დაემატა".
„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ ულტრამემარჯვენე და ღიად პრორუსული პოლიტიკური დაჯგუფებაა, რომელიც თავდაპირველად საზოგადოებაში ტელევიზიის ფორმით გამოჩნდა. 2021 წლის ნოემბერს რადიკალურმა დაჯგუფებამ საჯარო რეესტრს პარტიად რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა, თუმცა განცხადება არ დაკმაყოფილდა. დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განმცხადებელს 10-დღიანი ვადა მიეცა. 2021 წლის 7 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რადიკალური დაჯგუფების მოთხოვნა დააკმაყოფილა და „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა", – აცხადებენ ორგანიზაციაში.
„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ შემოწირულებები
"პარტიად რეგისტრაციის შემდეგ ულტრამემარჯვენე და ღიად პრორუსულმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ პოლიტიკური აქტივობები დაიწყო. 2022 წლის იანვრიდან „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ ქვეყნის მასშტაბით ოფისების გახსნა დაიწყო, თუმცა პირველი შემოწირულება მხოლოდ 2022 წლის თებერვალში, უფრო კონკრეტულად კი, 16 თებერვალს მიიღო. ერთი დღის განმავლობაში შემოწირულება 37-მა ფიზიკურმა პირმა განხორციელდა, ხოლო შემოწირულებების ჯამმა 43,000 ლარი შეადგინა.
ჯამში, „კონსერვატიულმა მოძრაობა/ალტ-ინფომ“ 2022 წელს 560.964 ლარი მიიღო. თუმცა, 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოსთვის“ შეწირული თანხის რაოდენობამ მკვეთრად იკლო. თუ 2022 წელს შეწირული თანხის რაოდენობა 560.964 ლარი იყო, 2023 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, ოფიციალური დეკლარაციის თანახმად, შემოწირულება 33.132 ლარამდე შემცირდა.
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" დაინტერესდა, რამ გამოიწვია შეწირული თანხის ასეთი მკვეთრი ცვლილება და ამ კითხვით რადიკალური ჯგუფის ლიდერს კონსტანტინე მორგოშიას მიმართა. როგორც მორგოშია ამბობს, მათი შემომწირველები რეპრესიის მსხვერპლნი არიან ბანკების მხრიდან. პარტიის მთავარ დამფინანსებლად კი კვლავ ის რჩება.
„ჩვენ მხარდამჭერებს ბანკებმა შეუქმნეს პრობლემები კრედიტებსა და ოვერდრაფტებზე. ამბობენ, რომ იმ ხალხს, რომელიც „კონსერვატიულ მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ფინანსურად ეხმარება, არ უნდა მოემსახურონ. რეპრესიები, მეტი კი არაფერი.“
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ასევე დაინტერესდა, აქვს თუ არა რადიკალური დაჯგუფების ლიდერს მოლაპარაკებები რუს ბიზნესმენებთან და იღებს თუ არა „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ დაფინანსებას რუსეთისგან. როგორც მორგოშიამ განაცხადა, მათ მოლაპარაკებები რუსეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთან აქვთ, თუმცა არა - რუს ბიზნესმენებთან.
„მსგავსი საუბრები ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს იმ ქართველ ემიგრანტებთან, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ. რუს ბიზნესმენებთან არანაირი მოლაპარაკება არ გვაქვს.
რამდენი შემომწირველი ჰყავს „კონსერვატიულ მოძრაობა/ალტ-ინფოს“?
2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის ოქტომბრის ჩათვლით, „კონსერვატიულ მოძრაობა/ალტინფოს“ 102 შემომწირველი ჰყავს მათგან 101 ფიზიკური პირია და ერთი იურიდიული პირი. 2023 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით რადიკალურ ექსტრემისტულ დაჯგუფებას მხოლოდ ორი შემომწირველი დაემატა: ნანა გერგაია და თეონა ბრუნჯაძე. შემომწირველი 101 ფიზიკური პირისგან უძრავ ქონებას მხოლოდ 33 ფლობს. შემოწირული თანხის მსგავსად, შემომწირველთა რაოდენობაც მკვეთრადაა შემცირებული. 2023 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, „კონსერვატიულმა მოძრაობა/ალტ-ინფომ“ შემოწირულება 43-ჯერ მიიღო. შედარებისთვის, 2022 წლის განმავლობაში ექსტრემისტულ დაჯგუფებას 558-ჯერ შესწირეს.
არის თუ არა კონსტანტინე მორგოშია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ მთავარი დამფინანსებელი?
კონსტანტინე მორგოშია ულტრამემარჯვენე პოლიტიკური დაჯგუფების „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ 101 ფიზიკურ შემომწირველს შორის არ ფიგურირებს. მიუხედავად ამისა, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტთან ინტერვიუში კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა, რომ იგი პარტიისა და ტელევიზია „ალტ-ინფოს“ მთავარი დამფინანსებელია.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი დაინტერესდა, რა უძრავ ქონებას ფლობენ კონსტანტინე მორგოშია და მისი ოჯახის წევრები. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კონსტანტინე მორგოშიას სახელზე მხოლოდ ორი კომპანიაა დარეგისტრირებული. ის შპს „მაგნუს დიზაინის“ 51%-იანი წილის და შპს „კემ კონსტრაქშენის“ მფლობელია. შპს „მაგნუს დიზაინის“ საქმიანობა მშენებლობასთან, დიზაინთან და პროექტირებასთანაა დაკავშირებული, ხოლო შპს „კემ კონსტრაქშენი“ საინვესტიციო კომპანიაა. კონსტანტინე მორგოშიამ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტთან საუბარში აღნიშნა, რომ შპს „მაგნუს დიზაინი“ მის მფლობელობაში რამდენიმე წელია აღარ არის და წილი პარტნიორებს დაუთმო. თუმცა საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, რომელიც 2022 წლის 25 თებერვლით თარიღდება, კომპანიის 51%-იანი წილის მფლობელი კვლავ კონსტანტინე მორგოშიაა; კომპანიის 45%-იანი წილს გიორგი შარაშენიძე ფლობს, ხოლო 4%-ს - ზურაბ ნაცვალაძე.
„შპს „მაგნუს დიზაინის“ დამფუძნებელი აღარ ვარ მეხუთე წელია, 5-6 წელია ჩემი წილი პარტნიორებს დავუთმე. შპს „კემ კონსტრაქშენი“ 10 წლის წინანდელი კომპანიაა, რომელზეც ვგეგმავდით ბიზნესაქტივობას, თუმცა შემდეგ აღარ განვახორციელეთ. მოძრაობაც არ აქვს არანაირი.“
მორგოშიას კომპანიები ძმებზე, ცოლსა და მამიდის სახლზეა რეგისტრირებული. მორგოშიას მამიდის ციალა მორგოშიას სახელზეა რეგისტრირებული ტელეკომპანია „ალტ-ინფო“. კომუნიკაციების კომისიის ანალიტიკური ვებგვერდის მიხედვით, ტელევიზიის მთავარი დამფინანსებელი მისი მფლობელი ციალა მორგოშიაა. მამიდის სახელზე მორგოშიას შვიდი კომპანია აქვს გაფორმებული, მათ შორის, შპს „ალტ-ინფოც“. თუმცა, ტელეკომპანიის მთავარი დამფინანსებელი კონსტანტინე მორგოშიაა და ეს ფაქტი მან დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტთან საუბარშიც დაადასტურა.
2022 წლის განმავლობაში ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ დაფინანსება 984.887 ლარი იყო. ერთი წლის განმავლობაში მაუწყებლობისთვის გაწეული მომსახურებისთვის 776.971 ლარი დაიხარჯა. მომსახურების ხარჯების გამოკლებით, ტელეკომპანიის ერთი წლის ბიუჯეტი მხოლოდ 211.916 ლარია, რაც თანამშრომლების ხელფასებისთვისაც კი არაა საკმარისი. 2022 წელს კონსტანტინე მორგოშიამ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტთან განაცხადა, რომ ტელევიზიაში დაახლოებით 80 კაცია დასაქმებული. რაც შეეხება ხელფასებს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, კომპანიის მძღოლის ხელფასი 1.000 ლარს შეადგენს. თუ ტელევიზიაში მომუშავე თანამშრომლების საშუალო ხელფასი 1.000 ლარია, ერთი წლის ხელფასებში, სულ მცირე, 960.000 ლარი უნდა დახარჯულიყო.
2023 წლის პირველი, მეორე და მესამე კვარტლის მონაცემების მიხედვით, მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი 502.563 ლარია, ხოლო ტელევიზიის შემოსავალი - 475.365 ლარი. ტელევიზიის ბიუჯეტი კი მომსახურების ხარჯების გამოკლებით, მხოლოდ 27.1983 ლარია. თუ ტელევიზიაში მომუშავე თანამშრომლების საშუალო ხელფასი 1.000 ლარია და დასაქმებულთა რაოდენობა 80-ია, 2023 წლის იანვრიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით ტელეკომპანიის თანამშრომლების ხელფასებში, სავარაუდოდ, 720.000 ლარი უნდა დახარჯულიყო.
ვინ არიან „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ყველაზე მსხვილი და ხშირი შემომწირველები?
„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ყველაზე მსხვილი შემომწირველი კახაბერ ელიზბარაშვილია. მას დაჯგუფებისთვის 42.295 ლარი აქვს შეწირული. მეორე ადგილზეა ზურაბ კობახიძე. მის მიერ შეწირული თანხის ოდენობა 41.693 ლარია. მესამე ადგილს გოგა თუხარელი იკავებს, მეოთხეს - გიგა კობახიძე, მეხუთეს კი - მერაბ გიგანი.
რადიკალური მოძრაობის ყველაზე მსხვილი შემომწირველებიდან უძრავ ქონებას მხოლოდ კახაბერ ელიზბარაშვილი და მერაბ გიგანი ფლობენ. ელიზბარაშვილი შპს „დაბოს“ 50%-იანი წლის მფლობელია. ხოლო მერაბ გიგანის სახელზე ორი კომპანიაა რეგისტრირებული, შპს „ტექნომეტალს“ და შპს „გიგან-007“. გიგანი ასევე არის ძალადობრივი დაჯგუფების რუსთავის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი.
2022 წლის 16 თებერვლიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, „კონსერვატიულმა მოძრობა/ალტ-ინფომ“ შემოწირულება 560-ჯერ მიიღო. როგორც წესი, „კონსერვატიულ მოძრაობის“ შემომწირველები ერთი და იგივე პირები არიან. ერთჯერადად თანხა მხოლოდ 21 პირს აქვს შეწირული. დანარჩენ 81 შემომწირველს კი, შეწირულობა რამდენჯერმე აქვს განხორციელებული
- გიორგი ხატიაშვილმა - „კონსერვატიულ მოძრობა/ალტ-ინფოს“ თანხა ყველაზე მეტჯერ, 17-ჯერ შესწირა. ხატიაშვილი ექსტრემისტული მოძრაობის წნორის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელია. შეწირულმა თანხამ 10.625 ლარი შეადგინა.
- კახაბერ ელიზბარაშვილმა დაჯგუფებას თექვსმეტჯერ, ჯამურად 42.295 ლარი შესწირა.
- გოჩა ხუციძეს „კონსერვატიულ მოძრობა/ალტ-ინფოსთვის“ თანხა თოთხმეტჯერ, ჯამურად 7.750 ლარი აქვს გადარიცხული.
- გიორგი რატიანმა, რომელიც ექსტრემისტული მოძრაობის მესტიის ოფისის ხელმძღვანელია, ცამეტი შემოწირულება განახორციელა. შეწირული თანხის რაოდენობა 5.900 ლარია.
- რომან გოგიბერიძესაც ცამეტჯერ, ერთიანად 4.040 ლარი აქვს შეწირული რადიკალური მოძრაობისთვის.
აქტიური შემომწირველებისგან უძრავ ქონებას მხოლოდ სამი პირი ფლობს, კახაბერ ელიზბარაშვილი, გოჩა ხუციძე და რომან გოგიბერიძე", – ნათქვამია DRI–ს ანგარიშში.