Accentnews.ge
აშშ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად დამატებით 135 000 დოლარს გამოყოფს: "პეტრას ციხე სიმბოლოა იმისა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი"

აშშ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად დამატებით 135 000 დოლარს გამოყოფს: "პეტრას ციხე სიმბოლოა იმისა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი"

02/02/2024 14:31:03 რეგიონები, რეკლამა

აშშ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად დამატებით 135 000 დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

კერძოდ, სამინისტროს ცნობით, ამჟამად შეერთებული შტატები პეტრას ციხეზე აღმოჩენილი მოზაიკისა და მიმდებარე უბნების კონსერვაციისთვის 135 000 დოლარს გამოყოფს.

"აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ "პეტრას ციხეზე აღმოჩენილი მოზაიკის და მიმდებარე უბნების კონსერვაციისთვის" მოიპოვა აშშ-ის საელჩოს გრანტი 135000$ -ის ოდენობით.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს აჭარის რეგიონში, პეტრას ციხეში, აღმოჩენილი მოზაიკისა და მიმდებარე ტერიტორიის კონსერვაციას. იმ მახასიათებლებისა და ღირებულებების დაცვა შენარჩუნებას, რომლებმაც პეტრას ციხე ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე გამორჩეულ ნიმუშად აქცია", – აცხადებენ სამინისტროში.

მისი ცნობით, აშშ-ს ელჩმა რობინ ლ.დანიგანმა თავად მოინახულა პეტრას არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი, მოისმინა ძეგლის უმნიშვნელოვანესი ისტორია.

„ეს ციხე და ყველა არტეფაქტი, რომელიც აქ აღმოაჩინეს ნამდვილად სიმბოლოა იმისა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და წარმოაჩენს თქვენს ევროპასთან კავშირს ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნიდან. შეერთებული შტატები მოხარულია უზრუნველყოს, რომ მომავალმა თაობებმა შეძლონ ამ საოცარი ისტორიული ადგილის ნახვა", – განაცხადა ელჩმა.

სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ზაურ ახვლედიანმა ისაუბრა რეგიონისთვის აღნიშნული ძეგლის მნიშვნელობაზე. აღნიშნა, რომ გრანტი მოხმარდება პეტრას ციხეზე უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის და აღმოჩენების კონსერვაციას. ასევე ხაზი გაუსვა ძეგლის მნიშვნელობას მომავალი თაობებისათვის.

ცნობისთვის: ბოლო 21 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით 2 000 000 დოლარის ღირებულების 20–ზე მეტი პროექტი განახორციელა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S