
სამთავრობო პროგრამა: 2024 წლისთვის აშშ-ის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა 50 მლნ დოლარზე მეტს შეადგენს
02/02/2024 17:46:29 პოლიტიკა, თავდაცვა
სამთავრობო პროგრამაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, მათ შორის აშშ–საქართველოს ურთიერთობებზე არის საუბარი.
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კონტექსტში დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა აშშ-თან თავდაცვის სფეროში.
"2024 წლისთვის აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა 50 მილიონ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს. შესაბამისად, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, აქცენტი გაკეთდება საქართველოს თავდაცვის ძალების აღჭურვილობის მოდერნიზაციაზე და გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა აშშ-თან თავდაცვის სფეროში. 2024 წელს საქართველო უმასპინძლებს აშშ-ის ევროპული სარდლობის სპეციალური ოპერაციების ძალების მრავალეროვნულ სწავლებას - „Trojan Footprint” და აშშ–საქართველოს მრავალეროვნულ სწავლებას - „Noble Parter“. ამასთან, ქართველი სამხედროები მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის ორგანიზებით უცხოეთში დაგეგმილ სწავლებებში.
აშშ-თან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, 2023 წლიდან აქტიურად ხორციელდება საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა (GDDEI), რომელიც 2027 წლის ჩათვლით გაგრძელდება. GDDEI მიმართულია ქვეყნის შეკავების, ტერიტორიული თავდაცვის, წინააღმდეგობისა და მედეგობის შესაძლებლობების გაძლიერებისკენ. იგი ხელს უწყობს ნატოსთან თავსებადობის გაზრდას, ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას და საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის პროცესის დაჩქარებას", – ნათქვამია პროგრამაში.
დოკუმენტის თანახმად, "საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გააგრძელებს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებული ფორმატების და მექანიზმების ეფექტურად გამოყენებას ალიანსში გაწევრიანების უზრუნველყოფისთვის. ასევე, გაგრძელდება მუშაობა ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესრულებისა და მის სტრუქტურულ ერთეულებთან თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის ჭრილში":
"აქტიურად გაგრძელდება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში განსაზღვრული ინიციატივების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარებას, მედეგობის განმტკიცებას და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას. თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ყოველწლიური ეროვნული პროგრამით (ANP), ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის პროგრამითა (ITPP) და ნატოს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.
ყურადღება დაეთმობა ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებასა და ევროპულ თავდაცვის სააგენტოსა (EDA) და კიბერუსაფრთხოების სააგენტოსთან თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას".
სამთავრობო პროგრამის მიხედვით, გაღრმავდება თანამშრომლობა როგორც ნატო–სა და ევროკავშირის წევრებთან, ასევე, შავი ზღვის რეგიონისა და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან:
"აღნიშნული ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას. პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი და სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაგრძელდება მუშაობა უმაღლესი დონის ვიზიტების, ექსპერტთა შეხვედრების, გამოცდილების გაზიარების, პროფესიული განვითარების პროგრამებისა და მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების გზით, რაც აისახება თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებასა და მზადყოფნის დონეზე".