
საია: სააპელაციომ საჩივარი ნატა ფერაძის პატიმრობის საქმეზე საჩივარი დაუშვებლად სცნო
03/02/2024 17:45:57 სამართალი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად სცნო "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საჩივარი აქტივისტ ნატა ფერაძისთვის ხუთდღიანი პატიმრობის მისჯაზე. ამის შესახებ ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე წერს.
საია სასამართლოში ნატა ფერაძის ინტერესებს იცავს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო შჩერბაკოვმა სამებაში მატრონას ხატისთვის საღებავის შესხმის საქმეზე აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
შსს ადმინისტრაციულ საქმეს 166-ე, წვრლმანი ხულიგნობის მუხლით აწარმოებდა. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე.
მოსამართლემ ფერაძე სამართალდამრღვევად სცნო და ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენა.
ცნობისთვის: ინფორმაცია ხატზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიცაა გამოსახული, სოციალურ ქსელში 6 იანვარს გაავრცელა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ.
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს თქვა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.
7 იანვარს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ხატი სამების საკათედრო ტაძარს მან შესწირა.
9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. 10 იანვარს აქტივისტის სახლთან პროტესტი გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო.
11 იანვარს საპატრიქრომ მიმართა წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს. ამჟამად ხატი სამებაში არაა და როგორც განიმარტა, ცვლილებებისთვის გადაიტანეს.