ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში რიგით მეხუთე ტურნეს იწყებს
04/02/2024 08:03:30 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთის კრიზისთან დაკავშირებით რიგით მეხუთე ტურნეს იწყებს.
"იგი ესტუმრება საუდის არაბეთს, ეგვიპტეს, კატარს, ისრაელსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს. ტურნე 3-დან 8 თებერვლამდე გასტანს", –განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს– სპიკერმა მეთიუ მილერმა.
ბლინკენის რიგით მეხუთე ტურნეს წინ უსწრებდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ ერაყსა და სირიაში ირანის მხარდამჭერთა პოზიციებზე დარტყმები.
"ბლინკენს სურს, თავისი დიპლომატიური ძალისხმევა გააგრძელოს, რათა ღაზის ომში კვლავ იქნეს მიღწეული საზავო შეთანხმება ისრაელსა და პალესტინურ დაჯგუფება ჰამასს შორის, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა. ასევე მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მიაღწიოს მძევლების გათავისუფლებას, რომლებიც ჯერაც დაკავებული ჰყავთ ღაზაში", განაცხადა მილერმა.
პარასკევს "ჰამასის" მაღალი რანგის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაჯგუფება „ძალიან მალე“ უპასუხებს წინადადებებს, რომლებიც მიმდინარე კვირაში პარიზში შეიმუშავეს ეგვიპტის, კატარისა და ამერიკის შუამავლებმა და რომელიც მოიწონა ისრაელმა.
თავისი მოგზაურობის ფარგლებში ბლინკენი ასევე შეეხება წითელ ზღვაში გემებზე ჰუსიტების თავდასხმების საკითხს.
მილერმა განაცხადა, რომ ბლინკენი შეეცდება, თავიდან აიცილოს კონფლიქტის გავრცელება, „ამასთან დაადასტუროს, რომ შეერთებული შტატები შესაბამის ზომებს მიიღებს, რათა დაიცვას საკუთარი პერსონალი და წითელ ზღვაში თავისუფალი საზღვაო მიმოსვლის უფლება“.
2023 წლის 7 ოქტომბრიდან – მას შემდეგ რაც ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომი დაიწყო, იემენელი ჰუსიტები წითელ ზღვაში თავს ესხმიან ხომალდებს, რაც ხელს უშლის მსოფლიო ვაჭრობას და ზოგიერთ კომპანიას აიძულებს, უფრო გრძელი და ძვირადღირებული მარშრუტები აირჩიოს.


