
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ზალუჟნის შეცვლაზე ფიქრობს
05/02/2024 05:25:39 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს. მან იტალიურ ტელეარხ RAI-სთან ინტერვიუში საჯაროდ პირველად დაადასტურა, რომ ფიქრობს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის და არა მხოლოდ მის შეცვლაზე.
„ზალუჟნი? ჩვენ გვჭირდება გადატვირთვა, ხელმძღვანელობის შეცვლა და არა მხოლოდ სამხედრო(ხელმძღვანელობის)“, - ასე უპასუხა პრეზიდენტმა ზელენსკიმ შეკითხვას გენერალ ზალუჟნის შესაძლო გადაყენების შესახებ.
ბოლო დღეებში უკრაინის და დასავლეთის მედიასაშუალებებით არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 29 იანვარს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვალერი ზალუჟნის შეხვდა და აცნობა, რომ მთავარსარდლის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიღებულია.
თავად გენერალმა ზალუჟნიმ 1 თებერვალს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტები და სამართლებრივი სისტემა გააკრიტიკა და რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის ძირითადი ამოცანები დაასახელა.
50 წლის ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია 2021 წლის ივლისიდან. გენერალი, რომელმაც თავის გუნდთან ერთად შეძლო რუსეთის არმიის შეკავება და დაპყრობილი რაიონების ნაწილის დაბრუნება, უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანია.