Accentnews.ge
სალივანი: აშშ ჰუსიტების წინააღმდეგ შემდგომ ზომებს მიიღებს

სალივანი: აშშ ჰუსიტების წინააღმდეგ შემდგომ ზომებს მიიღებს

05/02/2024 05:36:40 მსოფლიო

აშშ მიიღებს შემდეგ ზომებს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების წინააღმდეგ, - ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ისრაელში ვიზიტისას პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

„უბრალოდ ვიტყოდი, პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ ეს იყო ჩვენი პასუხის დასაწყისი და შემდგომი ნაბიჯები იქნება“, - აღნიშნა სალივანმა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა, რომ აშშ დამატებით თავდასხმებს გეგმავს, ჯო ბაიდენის მრჩეველმა უპასუხა: „ეს ნიშნავს, რომ შემდგომ ზომებს მივიღებთ“.

4 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში ჰუსიტების ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს.

შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში 30-ზე მეტ სამიზნეს 13 ლოკაციაზე დაარტყეს და ეს დარტყმები რამდენიმე სხვა ქვეყნის მხარდაჭერით განახორციელეს.

„დღევანდელი დარტყმის სამიზნე იყო „ჰუსიტების“ იარაღის საწყობები, სარაკეტო სისტემები და გამშვებები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადარები“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ, ავსტრალიამ, ბაჰრეინმა, კანადამ, დანიამ, ნიდერლანდებმა და ახალმა ზელანდიამ ერთობლივად გაავრცელეს.

ცნობისთვის: იემენში მოქმედი მეამბოხეების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები გახშირდა ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა "ჰამასს" შორის 2023 წლის ოქტომბრიდან დაწყებული ომის შემდეგ. პირველი თავდასხმა 19 ნოემბერს მოხდა იაპონურ გემ Galaxy Leader-ზე. მას შემდეგ მეამბოხეებმა რაკეტებით და დრონებით კიდევ 25 შეტევა განახორციელეს სხვადასხვა ქვეყნის სატვირთო გემებზე. არაერთი თავდასხმა მოიგერიეს აშშ-ის და მისი პარტნიორი სახელმწიფოების სამხედრო გემებმა.

ირანის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები, რომლებიც იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ, მტრად მიიჩნევენ ისრაელს, აშშ-ს და საუდის არაბეთს და აცხადებენ, რომ გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ, სანამ ისრაელი "ჰამასის" წინააღმდეგ ომს არ დაასრულებს.

წითელ ზღვაზე გადის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა, რომელზეც მსოფლიო ვაჭრობის 12% მოდის. წითელი ზღვა სუეცის არხით უერთდება ხმელთაშუა ზღვას და აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე საზღვაო მარშრუტია. თავდასხმების გახშირების გამო, მსოფლიოს მსხვილი კომპანიები სულ უფრო ხშირად არიდებენ თავს წითელი ზღვით ტვირთების გადატანას. ალტერნატიული მარშრუტი აფრიკის სამხრეთის გავლით, ტრანსპორტირების დროს მნიშვნელოვნად ზრდის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S