Accentnews.ge
ბაიდენი –კონგრესს: თუ ჩვენ არ შევაჩერებთ პუტინის მადას უკრაინაში, იგი მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება და ამერიკისთვის ხარჯები გაიზრდება

ბაიდენი –კონგრესს: თუ ჩვენ არ შევაჩერებთ პუტინის მადას უკრაინაში, იგი მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება და ამერიკისთვის ხარჯები გაიზრდება

05/02/2024 05:37:44 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ორპარტიულ შეთანხმებას კენჭი რაც შეიძლება სწრაფად უყარონ.

„მივაღწიეთ თანხმობას ეროვნული უსაფრთხოების ორპარტიულ შეთანხმებაზე, რომელიც მოიცავს ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მკაცრ და სამართლიან სასაზღვრო რეფორმების ნაკრებს. მე მას მტკიცედ ვუჭერ მხარს“, - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში.

მისი თქმით, თუ კონგრესი მხარს არ დაუჭერს შეთანხმებას, ამერიკისთვის ხარჯები გაიზრდება.

"თუ ჩვენ არ შევაჩერებთ პუტინის მადას უკრაინაში ძალაუფლებისა და კონტროლის მოპოვებისთვის, იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით და გაიზრდება ხარჯები ამერიკისთვის. მოვუწოდებ კონგრესს, შეიკრიბოს და სწრაფად მიიღოს ეს ორპარტიული შეთანხმება. დადეთ იგი ჩემს მაგიდაზე, რათა დაუყოვნებლივ მოვაწერო ხელი“, - აცხადებს ბაიდენი.

ცნობისთვის: ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, რომელსაც პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები აკონტროლებენ, მიღწეულია ორპარტიული შეთანხმება უკრაინის და ისრაელის დახმარებისა და სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა სენატში რესპუბლიკელების უმცირესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა. მან შეთანხმებულ პროექტს რესპუბლიკელებისთვის მომგებიანი უწოდა. დემოკრატების უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი ვარაუდობს, რომ პირველი კენჭისყრა ამ კვირის ოთხშაბათს გაიმართება.

ფინანსური პაკეტი 118 მილიარდ დოლარს აღემატება. ამ თანხიდან 60 მილარდზე მეტი განკუთვნილია რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისთვის, 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა "ჰამასისთვის" და 20 მილიარდზე მეტი შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვარზე უსაფრთხოების გაძლიერებისა და მიგრაციის პოლიტიკის გადახედვისთვის. ფინანსური პაკეტით, 2 მილიარდ დოლარზე მეტი გათვალისწინებულია წითელ ზღვაში აშშ-ის ოპერაციისთვის იემენელი მეამბოხეების წინააღმდეგ და თითქმის 5 მილიარდი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში შეერთებული შტატების პარტნიორების(ტაივანი) დასახმარებლად.

სავარაუდოა, რომ კანონპროექტს წინააღმდეგობა შეხვდება რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში. ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერი კონსერვატორი რესპუბლიკელები მექსიკასთან საზღვარზე ზომების უკიდურესად გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას მოითხოვენ და დემოკრატების წინადადებებს არასაკმარისად მიიჩნევენ.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, რომელსაც უკრაინის დასახმარებლად თანხები ამოწურული აქვს, კონგრესისგან 2023 წლის ოქტომბრიდან ითხოვს ახალი ფინანსური პაკეტის მიღებას. კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, 2023 წლის ნოემბერში დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიციირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა კონგრესის ზედა პალატაში, სენატში.

2024 წლის 3 თებერვალს, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ მომავალ კვირაში გაიმართება კენჭისყრა კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებს ისრაელისთვის 17,5 მილიარდი დოლარის დახმარების გაწევას. პასუხად, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ უკრაინის დახმარების გარეშე ისრაელის მხარდამჭერი პაკეტის მიღებას ეწინააღმდეგება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S