
„ევრაზიის ინსტიტუტი“ პუტინს საქართველოში რუსების “შებღალული უფლებების დასაცავად” საბაბს სჩუქნის
28/05/2019 07:44:05 თვალსაზრისი, ანალიზი
„ევრაზიის ინსტიტუტი“ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ რუსებს „საკუთარი უფლებების ერთობლივად დასაცავად გაერთიანებისკენ“ მოუწოდებს. შესაბამისი მიმართვა ორგანიზაციის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ 26 მაისს ბათუმში რუსული დროშებით მსვლელობასთან დაკავშირებული ინციდენტის საპასუხოდ გაავრცელა.
მისი შეფასებით, „საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ქალაქ ბათუმში სამარცხვინო ფაქტი მოხდა – თანამდებობიდან გადააყენეს აჭარის ავტონომიის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი იმის გამო, რომ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალ „ოქროს დელფინის“ ფარგლებში, რომლის თანადამფინანსებელიც ავტონომიის განათლების სამინისტროა, ბათუმის ქუჩებში სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, ჩაიარეს ეთნიკურმა რუსებმა მათი სამშობლოს – რუსეთის დროშით“.
- „საქართველოს ლიბერალურმა მედიამ რუსული დროშით მსვლელობის ფაქტის მყისიერი ტირაჟირება მოახდინა და პირდაპირ შეუტია ამის გამო ხელისუფლებას. ფესტივალის ორგანიზატორმა ანჟელა ქამუშაძემ კი სასწრაფოდ განუცხადა მედიას, რომ უკვე „დასაჯა“ რუსი მონაწილეები და ისინი ფესტივალიდან ჩახსნა. ამასთან, იგი თავს იმართლებდა, რომ რუსეთი ფესტივალზე არ მიუწვევიათ და ბათუმის ქუჩებში რუსული დროშის გამოჩენა „პროვოკაცია“ იყო. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ბათუმში რუსების გარდა, თავის ტრადიციულ სამოსში, თავისი სახელმწიფო დროშებით ბალტიისპირეთის ქვეყნების, ისრაელისა და უკრაინის წარმომადგენლებმაც ჩაიარეს. ამდენად, ვთვლით, რომ რუსული დელეგაციის მიმართ ჩადენილი ქმედებები ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის აღმაშფოთებელი ფაქტია. მსგავს ღონისძიებებში რუსული დროშის გამოყენების აკრძალვა აპრიორი დაუშვებელია. ამ ლოგიკით, თუ საქართველოში რაიმე საერთაშორისო სპორტული შეჯიბრი ჩატარდება და მასში რუსეთის წარმომადგენლები გაიმარჯვებენ, საქართველოს ხელისუფლებამ გამარჯვებულის დროში აღმართვას ხელი უნდა შეუშალოს?!“, – ნათქვამია რცხილაძის მიმართვაში.
„ევრაზიის ინსტიტუტი“, როგორც „ქართული სამართლებრივი სივრცის სუბიექტი“, საქართველოს რუსული წარმომავლობის ყველა მოქალაქეს, "რომელიც თვლის, რომ რუსეთის სახელმწიფო დროშის ნებისმიერი გამოყენების დე ფაქტო აკრძალვა მათი ეთნიკური და ეროვნული თვითგამოხატვის შებღალვას წარმოადგენს”, მოუწოდებს, “გაერთიანდნენ და ერთობლივი ძალებით დაიცვან საკუთარი უფლებები“.
რცხილაძე ამცნობს საქართველოში მცხოვრებ რუსებს, რომ მისი ორგანიზაცია ახლო მომავალში ევროკავშირის ქვეყნებში დელეგაციის წარგზავნას გეგმავს:
„ჩვენ დავამყარებთ კონტაქტებს შერაცხად ევროპარლამენტარებთან – მადლობა ღმერთს, ევროპაში პოლიტიკური სურათი გაუმჯობესებას იწყებს. ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთში ჩივილს – ეს ჩვენი და თქვენი – საქართველოს მოქალაქეების საქმეა! გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომელსაც სახელმწიფო გვანიჭებს, ასევე ჩვენი ოპონენტების – ფსევდოევროპელი რუსოფობების საყვარელ მეთოდებს. ძალა ერთობაშია, ჩვენ გავიმარჯვებთ!“.
ცნობისთვის: ეს ის გულბაათ რცხილაძეა, რომელსაც კრემლის პროპაგანდისტული პირმშო “სპუტნიკი” ხშირად “ექსპერტად” წარმოაჩენს და რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ, 9 მაისს თანამოაზრეები კრემლის მიერ მორიგ პროპაგანდისტულ იარაღად ქცეული “უკვდავი პოლკის” მსვლელობაზე გაიყვანა.
როგორც “ევრაზიული ინსტიტუტის” მიმართვასთან დაკავშირებით “საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის” დამფუძნებელი გიორგი მოლოდინი აღნიშნავს, “სულ უფრო და უფრო იკვეთება, რომ ქვეყანაში მუშაობს რუსული პროექტი, რომელიც სინქრონიზებულად ცდილობს ძირის გამოთხრას საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების საკვანძო მიმართულებებისთვის”:
„ამ ორგანიზაციას და ყველა მის მონათესავე დაჯგუფებას საქართველოში აქვთ ერთი დავალება/ამოცანა - შეუნარჩუნონ სახე ოკუპანტს, მტერს, რომელიც ბოლო ორ საუკუნეზე მეტია, გვკლავს, გვამცირებს, გვანადგურებს. ეს არის ჩვეულებრივი “მეხუთე კოლონა” საქართველოში. სულ უფრო და უფრო იკვეთება, რომ ქვეყანაში მუშაობს რუსული პროექტი, რომელიც სინქრონიზებულად ცდილობს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების საკვანძო მიმართულებებისთვის ძირის გამოთხრას. ამ მხრივ ბოლო თვეების განმავლობაში საინფორმაციო ველში განსაკუთრებული გააქტიურება შეიმჩნევა”.
რაც შეეხება საკუთრივ ბათუმის მოვლენებს, როგორც “აქცენტს” გიორგი მოლოდინმა განუცხადა, ამ ფაქტმა მას კიდევ უფრო გაუმძაფრა ეჭვი, რომ რუსეთის ფედერაციის შესაბამისი სამსახურები ჰიბრიდული ომის (პოლიტიკური სუბვერსია/ძირგამომთხრელი საქმიანობა სამიზნე სახელწმიფოში) წარმოებისთვის საქართველოშიც აქტიურად იყენებენ კანონმდებლობაში არსებულ “სიცარიელეებს”, რომლებიც მათ ე.წ. „რბილი ძალის“ პოლიტიკის კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელებისთვის კიდევ უფრო ეფექტიან საშუალებას აძლევთ:
“ჩემთვის ოკუპანტი ქვეყნის დროშის საქართველოს ტერიტორიაზე ფრიალი არის საინფორმაციო გზავნილი/შეტყობინება, რომელიც სამიზნე აუდიტორიაში გარკვეული განწყობებისა და დამოკიდებულებების გამოწვევას ისახავს მიზნად, რა მიმართულებით, - ეს, ალბათ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს“.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021