ფიდანი: ერდოღანი პუტინთან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ახალ მექანიზმს განიხილავს
05/02/2024 08:16:12 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთში შეხვედრის დროს უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვის გავლით ექსპორტის ახალ მექანიზმს განიხილავენ. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა.
არსებული ცნობებით, პუტინი თურქეთს 12 თებერვალს ეწვევა, რაც რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ნატოს წევრ ქვეყანაში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
ფიდანმა თქვა, რომ არსებობს უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირების "ახალი მექანიზმის" მოძიების მცდელობები:
"მარცვლეულის წინა შეთანხმება გარკვეული მექანიზმის ფარგლებში მუშაობდა, ახლა ჩვენ დავინახეთ, რომ არის სხვა მექანიზმზე გადასვლის შესაძლებლობა და მიმდინარეობს ძალისხმევა ამ შესაძლებლობის დაკონკრეტებისთვის".
ფიდანმა აღნიშნა, რომ ზოგიერთმა გემმა შეძლო უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვიდან რუსეთთან შეთანხმების გარეშეც გატანა:
"გვინდა ამ დე ფაქტო (სიტუაციის) გარკვევა და ახალი მექანიზმის ჩამოყალიბება".
რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან 2023 წლის ივლისში ცალმხრივად გავიდა და მას შემდეგ ინტენსიურად ბომბავს უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურას.


