მედია: ზელენსკი გენშტაბის უფროსის შეცვლასაც აპირებს
05/02/2024 09:48:21 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის გარდა, გენერალური შტაბის უფროსის შეცვლასაც აპირებს. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს წყაროზე დაყრდნობით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს 2021 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობს გენერალ-ლეიტენანტი შაპტალა.
„უკრაინსკა პრავდის“ ერთ-ერთი წყაროს ცნობით, შაპტალა და ზალუჟნი შესაძლოა, ამ კვირის შუა პერიოდში გადააყენონ.
ამ ცნობების ფონზე 5 თებერვალს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გენერალური შტაბის უფროსს დაბადების დღე მიულოცა სიტყვებით, რომ წინ კიდევ დიდი სირთულეები ელით, მაგრამ არასდროს შერცხვებათ. გენერალი ზალუჟნი წერს, რომ ომის დროს გვერდით ჰყავდა ადამიანი, რომლისთვისაც უკრაინა მართლაც უპირველესია.
ბოლო პერიოდში უკრაინის და დასავლეთის მედიასაშუალებებით არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 29 იანვარს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვალერი ზალუჟნის შეხვდა და აცნობა, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიღებულია. ზელენსკიმ 4 თებერვალს საჯაროდ პირველად დაადასტურა, რომ ფიქრობს ზალუჟნის და არა მხოლოდ მის შეცვლაზე.
იხილეთ ასევე: „ზუსტად ახლაა მომენტი, რომელიც უკრაინამ უნდა გამოიყენოს“: ომი, პოლიტიკა და ხმები მთავარსარდლის ირგვლივ


