
გომელაური – ნარკოტიკებზე: ტრანზიტული ქვეყანა ვართ და სამწუხაროდ, შემოდის, ყველაფერს ვაკეთებთ საბაჟოსთან ერთად, თუმცა ბოლომდე 100%-იან გადახურვას ვერ მოვახერხებთ
05/02/2024 11:13:15 სამართალი
შს მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ უწყება ნარკოპრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს აკეთებს, თუმცა ამბობს, რომ ბოლომდე აღმოფხვრა შეუძლებელია. მას პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე ნარკოდანაშაულთან და ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტებთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა.
„სამწუხაროდ. 30-დან 40-ის ფარგლებში მერყეობს ყოველწლიურად ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები. ეს მსოფლიო პრობლემაა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პრობლემა აღმოვფხვრათ. იცით, რომ ნარკომოვაჭრეების დაკავების ფაქტები მაღალი გვქონდა. 2023 წელს 284 პირი დავაკავეთ ნარკოტიკებით ვაჭრობაზე. წინა წლებში იყო 70, 30, 20. 2022 წელს კი იყო 202. ამდენი ნარკომოვაჭრე არცერთ წელიწადს არ დაკავებულა საქართველოში. მესმის, რომ რაღაც ღონისძიებებია გასატარებელი. ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა შტატში ან ევროპის ქვეყნებში 10-ჯერ მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე საქართველოში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რადგან იქ იღუპება, ჩვენთანაც უნდა დაიღუპოს. ალბათ, ერთობლივად სამუშაო იქნება, ალბათ, უფრო კომპლექსური და არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსი. რაც შეეხება კითხვას ნარკოტიკებზე ტრანზიტული კუთხით, ტრანზიტული ქვეყანა ვართ და სამწუხაროდ, შემოდის, ყველაფერს ვაკეთებთ საბაჟოსთან ერთად, თუმცა ბოლომდე 100%-იან გადახურვას ვერ მოვახერხებთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.