პოლიტიკური კონტექსტი სუს–ის გამოძიებაში

05-02-2024 18:08:02

საქართველოს „ომში ჩათრევის“ თემამ ახალი ენერგია შეიძინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 5 თებერვლის განცხადების შემდეგ, რომელიც 14 კ.გ. ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენას შეეხებოდა: ხელისუფლებასთან აფილირებული ექსპერტები სწორედ ამ კონტექსტში განიხილავენ სუს–ის გამოძიებას და აფრთხილებენ საზოგადოებას „მაღალი რისკების“ და უკრაინის „განზრახვის“ თაობაზე, „შეცვალოს საქართველოში ხელისუფლება“.

თემის კომენტირებისას პოლიტიკურ პროცესზე ხაზგასმას არ მოერიდა არც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე:

„კარგია, რომ ასეთი ფაქტების შესახებ ინფორმაცია საჯაროვდება, რადგან ერთი მხრივ, ეს საზოგადოებაში უსაფრთხოების განცდისთვისაა აუცილებელი და მეორე, რაც მნიშვნელოვანია, ყველას აქვს შესაძლებლობა, პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით სწორი დასკვნები გამოიტანონ“.

სპეციალისტთა ნაწილის კი ეჭვები აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაძლო პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით.

რა მოხდა?

საქართველოს ტერიტორიაზე 14 კგ-მდე ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორმა ბაჩა მგელაძემ დღეს, 5 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება რუსეთში (ქალაქ ვორონეჟში) გასატანად უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით შემოიტანეს საქართველოში მიმდინარე წლის 19 იანვარს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით. ითქვა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები, დამალვის მიზნით, შენახული იყო აკუმულატორების ყუთებში.

სუსში აცხადებენ, რომ საქართველოდან რუსეთში "დარიალის" გამშვები პუნქტით სამი ასაფეთქებელი მოწყობილობის გატანა იგეგმებოდა უკრაინის მოქალაქის მფლობელობაში არსებული მინივენის ტიპის ავტომობილით, სამი მოწყობილობა კი თბილისში დატოვეს.

„ამოღებული მოწყობილობების პირველადი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ექვსივე მოწყობილობა დამზადებულია მაღალი დონის სპეციალისტის მიერ და გათვლილია დაზიანების ფართო რადიუსზე. ხალხმრავალ ადგილებში მსგავსი მოწყობილობის ამოქმედება გამოიწვევდა ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან დაზიანებას და მასშტაბურ მსხვერპლს“,– თქვეს სუს–ში.

სუს–ის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაში, ერთ-ერთი კონტეინერის რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად გატანაში, ხოლო მეორე მათგანის დედაქალაქში განთავსებაში ჩართული იყვნენ საქართველოს 7, უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე.

„პროცესს ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ხალხის მსახური“ ანდრეი შარაშიძე, რომელიც წარმოშობით ქალაქ ბათუმიდანაა. აღნიშნული პირი საქართველოს ფარგლებს გარედან აქტიურ მეთვალყურეობას უწევდა ზემოხსენებული ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაადგილებას. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული პირებისთვის, გარდა შარაშიძისა, სავარაუდოდ, ცნობილი არ იყო მანქანის აკუმულატორებში განთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და კაფსულ-დეტონატორების შესახებ“,– ამტკიცებს სუს–ი და დასძენს, რომ ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების მხილების, სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების, გადაადგილების მარშრუტის, საბოლოო დანიშნულების ადგილის დადგენის, თავდასხმის ობიექტების იდენტიფიცირების და სამხილების მოპოვების მიზნით.

„რაც შეეხება ქალაქ თბილისში დატოვებულ სამ ერთეულ ასაფეთქებელ მოწყობილობას - განკუთვნილი იყო რუსეთში გასატანად თუ უნდა დარჩენილიყო საბოლოოდ საქართველოში მოქმედებაში მოსაყვანად, ამას მიმდინარე გამოძიება დაადგენს. თუმცა, აღიშნული საქმის დეტალები და ფაქტობრივი მდგომარეობა იძლევა იმის ეჭვის საფუძველს, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და მთელ ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა, ემსახურებოდა იმ მოსაზრების შექმნას, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც განხორციელდებოდა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, დაბრალებოდა საქართველოს როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ნაწილში“,– ხაზს უსვამენ სუს–ში.

მოგვიანებით მგელაძემ „რუსთავი 2“–ის ეთერში თქვა, რომ ითანამშრომლებენ როგორც უკრაინულ მხარესთან, ასევე იმ ქვეყნებთან, რომლებიც გამოიარა ტვირთმა.

„ჩვენ უკრაინულ მხარეს მივაწოდეთ ინფორმაცია ფაქტთან დაკავშირებით, მივაწოდეთ მეტი დეტალი და ველოდებით შესაბამის ინფორმაციას, რომელიც გარკვეულ დეტალებს დაადასტურებს“.

ასევე გაიმეორა, რომ „რა დგას ამ საქმის უკან“, სუს–ისთვის ცნობილია და რომ მიზანი ტერორისტული აქტების დაგეგმვა–განხორციელებაში საქართველოს დადანაშაულება იყო.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვას. თუმცა, გამოძიების პროცესში შესაძლოა დაზუსტდეს კვალიფიკაცია და გამოძიება ასევე 18-323 მუხლით გაგრძელდეს, რაც ტერორისტული აქტის მომზადებას გულისხმობს.

კითხვები გამოძიების ირგვლივ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი „აქცენტთან“ რუსულ პროვოკაციას არ გამორიცხავს. უშუალოდ განცხადებასთან მიმართებით კი რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:

  • „საიდან დაასკვნეს, რომ სამოქალაქო ობიექტი იყო სამიზნე და არა სამხედრო? ხოლო თუ არ იციან და მაინც ამბობს, რა მიზნით? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ ეს დეტალი ნიშნავს, რომ განცხადება რუსული პროპაგანდის ნაწილია. ხოლო მიზანი გასაგებია: ასიამოვნონ რუსეთს, უკრაინა ტერორიზმთან დააკავშირონ, საქართველოში არჩევნები მოდის და ალბათ „ომში ჩათრევის“ ხაზს გააძლიერებენ. ეს არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს უშიშროების განცხადება. ეს არის მოსკოვში დაწერილი განცხადება, რომელიც ალბათ, ქართულად თარგმნეს.
  • მეორე – ამბობენ, საქართველოსთვის უნდა დაებრალებინათო. ტვირთმა გაიარა რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და რატომ მაინც და მაინც საქართველოს?
  • მესამე – რა მიზნით კეთდება აქცენტი, რომ ეს პირი [ანდრეი შარაშიძე] ოთხი წლის წინ „ხალხის მსახურიდან“ [უკრაინის სახელისუფლებო პარტია] იყრიდა არჩევნებში კენჭს?“.

„სამოქალაქო იდეის“ მკვლევარი გიორგი შაიშმელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეპუტაციაზე აკეთებს აქცენტს, რაც მისი თქმით, ლეგიტიმურად წარმოშობს ეჭვებს:

„ვნახოთ, რა გაგრძელება მოჰყვება. სუს–ში დაწყებული სხვა გამოძიებებიც გვახსოვს იგივე სერბების და არტისტების „გადატრიალების“ შესახებ, ხან საბურავებს პოულობენ... უნდა დაველოდოთ, იტყვიან კი დადასტურებულად, რომ საქართველოში აპირებდა ვინმე რამეს? თუ შემოიფარგლებიან იმით, რომ ირიბად ჩვენს „ომში ჩართვას“ ნიშნავდა ეს ყველაფერი და ისევ ანტიუკრაინულ განწყობებს შეუწყობენ ხელს“.

მისი ხედვით, საარჩევნო წლის ამგვარად დაწყება იმაზე მიუთითებს, რომ „ეს ხაზი გაძლიერდება". კერძოდ, კვლავ იქნება საუბარი, თითქოს „მთელი მსოფლიო ცდილობს ჩვენს ომში ჩართვას, ჩვენ ვართ ერთადერთი ფორპოსტი რომელიც ამას არ უშვებს და ნებისმიერი ცვლილება ამ ქვეყანაში შეიძლება, დაუკავშირდეს არა დემოკრატიზაციას, არამედ ამ ქვეყნის ომში ჩართვას!“.

შაიშმელაშვილი მწუხარებით აღნიშნავს უსაფრთხოების სამსახურის მიმართ ნდობის დეფიციტს:

„ნორმალურ ვითარებაში შესაძლოა, ტაში დაგვეკრა ასეთი საქმის ოპერატიულად გამოძიებისთვის და პრევენციისთვის. ეს უნდობლობა კი უპირველესად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიზებითაა განპირობებული. პოლიტიზების მაღალი ხარისხი ვნახეთ სხვა „ქეისების“ დროსაც, როდესაც სუს–ი გამოყენებული იყო ანტიდასავლური განწყობების გასაძლიერებლად – USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტს და სხვა საქმეებს, როდესაც ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის იყო გამოძიებები დაწყებული და სხვათა შორის, არც ერთი ბოლომდე მიყვანილი. ეს ჩვენ ლეგიტიმურად გვიჩენს უნდობლობის მომენტს“,– აჯამებს "აქცენტთან" შაიშმელაშვილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები