ნიდერლანდურმა Yandex N.V.-მ რუსული Yandex-ის გაყიდვაზე შეთანხმებას მიაღწია
05/02/2024 14:15:51 მსოფლიო
ნიდერლანდურმა კომპანია Yandex N.V.-მ გარიგებას მიაღწია რუსული Yandex-ის კერძო ინვესტორებისა და კომპანიის მენეჯერების კონსორციუმისთვის 475 მილიარდ რუბლად (5,2 მლრდ დოლარი) მიყიდვის თაობაზე. ამის შესახებ ნათქვამია ნიდერლანდური კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში. გარიგების საერთო ღირებულება ითვალისწინებს საბაზრო ღირებულებიდან მინიმუმ 50%-იან ფასდაკლებას რუსეთის ფინანსთა სამინისტროს უცხოური ინვესტიციების კონტროლის კომისიის მოთხოვნების შესაბამისად.
მიმდინარე წლის 31 ივლისამდე Yandex N.V.-მ სახელწოდება უნდა შეიცვალოს და უნდა შეწყვიტოს Yandex-ის ბრენდების გამოყენება.
ჯგუფის ახალი სათავო კომპანია Yandex N.V.-ის ნაცვლად გახდება კალინინგრადის ოლქში რეგისტრირებული საერთაშორისო კომპანია სააქციონერო საზოგადოება Yandex-ი.
ამ კომპანიის ძირითადი მფლობელი იქნება დახურული საინვესტიციო ფონდი „კონსორციუმ.პერვი“. როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, მის შემადგენლობაში შემავალ 50 ადამიანში არ იქნებიან აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის სანქციებში მოხვედრილი პირები.
ასევე კომპანიის ნაწილი ერგება ვენჩურული ფონდის, Leta Capital-ის დამფუძნებელ ალექსანდრე ჩაჩავას სტრუქტურებს, „ლუკოილის“ საპაიო ფონდს და დეპოზიტორიუმ „ინფინიტუმის“ ხელმძღვანელ პაველ პრასს. მეპაიეთა წილებს არ ასაჯაროებენ, მაგრამ კომპანიაში აღნიშნავენ, რომ არცერთ მათგანს არ ექნება კონტროლი.
Yandex-ის გენერალურ დირექტორად რჩება არტიომ სავინოვსკი. კომპანია ასევე შეინარჩუნებს Yandex N.V.-ის ბიზნესებს, სერვისებსა და აქტივებს, გარდა უცხოური სტარტაპებისა და დატა-ცენტრისა ფინეთში.
ნიდერლანდური კომპანიის კონტროლს გაინაწილებენ Yandex-ის დამაარსებელი არკადი ვოლოჟი, რომელიც უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოვიდა, და უცხოელი აქციონერები, რომელთა შორის ომამდე იყვნენ უმსხვილესი დასავლური ფონდები, იტყობინებიან The Bell და „მედუზა“ წყაროებზე დაყრდნობით.
გარიგება ჯერ არ შესულა ძალაში.


